ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მიესალმა 2017 წლის განმავლობაში მიღწეულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს , აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას და მის მიმდინარეობას, რომელმაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მდგრადობა გაზარდა და მეორე მხრივ, ევროკავშირს მისცა შესაძლებლობა, ჩაერიცხა საბიუჯეტო დახმარება 48 მლნ ევროს ოდენობით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ბრიუსელში გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულმა პოზიტიურმა შედეგებმა საქართველოსა და ევროკავშირს მისცა დახმარების ახალ პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა, რომელიც 2017-2020 წლებზეა გათვლილი და 450 მლნ ევროს შეეხება.