დუბაის აეროპორტი საერთაშორისო მგზავრების გადაყვანით ლიდერის პოზიციაზეა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წელსაც ინარჩუნებს ლიდერობას როგორც საერთაშორისო მგზავრების გადამყვანი აეროპორტი.

როგორც აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის განმავლობაში დუბაის აეროპორტით საერთაშორისო მგზავრთა რეკორდულმა რაოდენობამ - 88,2 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 83,6 მილიონი იყო.

დუბაის აეროპორტის მართვის კომპანიის Dubai Airports-ის ხელმძღვანელის პოლ გრიფიტსის პროგნოზით, საერთაშორისო მიმართულების მგზავრთა რაოდენობის მიხედვით 2018 წელს ამ ციფრის 90,3 მილიონამდე ზრდას ელოდებიან.

Dubai Airports არის კომპანია, რომელიც მართავს დუბაის ორ აეროპორტს, დუბაის საერთაშორისო აეროპორტსა და საერთაშორისო აეროპორტს ალ-მაკტუმს.

ცნობისათვის, დუბაის აეროპორტმა საერთაშორისო მგზავრების გამტარიანობის მიხედვით პირველად ლონდონის ჰიტროუს აეროპორტს 2014 წელს გაასწრო და ამის შემდეგ ინარჩუნებს ლიდერობას ამ მაჩვენებლით.

კოკა კვირკველია