ფონდი კონსტანტა სააპელაციო სასამართლოსგან საქმის სამართლიან გადაწყვეტას ითხოვს

სამშაბათს, 2018 წლის 6 თებერვალს, 11:55 -ზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო ფონდი კონსტანტას საქმეზე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დავის საგანია სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ფონდის გამგეობის წევრების იძულებისა და მუქარის შედეგად ფონდისთვის წართმეულ მრავალმილიონიან ქონებაზე სამართლებრივი უფლების აღდგენა.

ფონდი 2013 წლიდან პროკურატურისგან ითხოვს 2011 წელს რამდენიმე სახელმწიფო უწყების: პროკურატურა, ეროვნული ბანკი, სახაზინო სამსახური, სასამართლო შეთანხმებული და უკანონო ქმედების შედეგად ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც ფონდი დარწმუნდა, რომ პროკურატურის მიერ გამოძიება არაეფექტურად, ხშირად მოჩვენებითადაც წარმოებდა, მან 2014 წელს უკვე სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქონების დაბრუნების მოთხოვნით.

ფონდის ადვოკატები მიმართავენ ყველა სამართლებრივ საშუალებას, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისოს, ფონდი კონსტანტას კანონიერი უფლებების დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ აპელაცია ძალაში დატოვებს მიღებულ დაუსაბუთებელ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებას, ფონდი განაგრძობს დავას საკასაციო ინსტანციაში, ხოლო შემდეგ ევროსასამართლოშიც.

მოკლე ინფორმაცია ფონდი კონსტანტას საქმეზე: ფონდი კონსტანტა ერთ-ერთი პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1997 წელს. ფონდმა 2007 წელს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნათა შესაბამისად დააფუძნა სააქციო საზოგადოება ბანკი კონსტანტა, რომელმაც 2008 წელს ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. 2011 წლის 18 მარტს ფონდ კონსტანტას, როგორც ბანკი კონსტანტას აქციონერს, პროკურატურამ ზეწოლისა და პირდაპირი მუქარის შედეგად ღამის საათებში იძულების წესით დაათმობინა კუთვნილი 80% აქციები. ბანკი კონსტანტას დირექტორისთვის ბრალის წაყენება და ჯარიმის დაკისრება ოფიციალურად გაფორმდა 2011 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომაზე.

(R)