კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, თუ რაკეტა Falcon Heavy წარმატებულ გაფრენას განახორციელებს, ის იქნება პირველი ყველაზე მძლავრი ოპერაციული რაკეტა მსოფლიოში. რაკეტის გაშვება დღეს ფლორიდაში არსებულ Kennedy Space Center-ში დღის განმავლობაში იგეგმება.
ილონ მასკის განცხადებით, ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტა, რომელსაც გააჩნია 27 ძრავი და მისი დატვირთვის სიმძლავრე 18-ჯერ აღემატება Boeing 747-ს.
შედეგად, მას ექნება შესაძლებლობა ადამიანების ტრანსპორტირება მოახდინოს მთვარესა და მარსზე.
ხომალდი მზის გარშემო ორბიტაზე წითელ Tesla Roadster-ს გაიყვანს. ეს ორბიტა კი დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. ამით ილონ მასკი თავის უმთავრეს გეგმას, დაასახლოს წითელი პლანეტა ადამიანებით, მწვანე შუქს უნთებს.
ილონ მასკის განცხადებით, წარმატებული გაფრენის შემთხვევაში ადამიანები ისტორიული მოვლენის მომსწრენი იქნებიან, თუ არადა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფეიერვერკს იხილავენ (მისი აფეთქების შემთხვევაში).
აღნიშნული მოვლენის თვალის სადევნებლად კოსმოსური აეროპორტის მიმდებარედ არსებული ყველა სასტუმროს ნომერი დაჯავშნულია, ხოლო მის მიმდებარედ პარკინგის ადგილას ათასობით ადამიანი ელოდება ამ ისტორიულ გაშვებას.
კოკა კვირკველია