„იმპორტირებული პროდუქტი, მითუმეტეს გადასახადების გარეშე,  ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს უქმნის“

გორის საკონსერვო ქარხანა “კულა” 2009 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად ორ ბრენდს მოიცავდა – ხილის და ბოსტნეულის ეკოლოგიურად სუფთა წვენებს ბრენდ “Kula”-ს სახელით აწარმოებდა , ხოლო საბავშვო ნატურალურ წვენებს მეორე ბრენდის - “Kula baby” სახელწოდებით, დღეისათვის კომპანია 250-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტზეც გააქვს.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ,,კულა”, რა უპირატესობა აქვს ,,კულას” კონკურენტებთან შედარებით, როგორ ამუშავებენ და რამდენად ჯანსაღია მათი პროდუქცია, რომელ ქვეყნებში გააქვთ ექსპორტზე პროდუქცია და ხელისუფლების მხრიდან რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” კომპანია ,,კულას” დირექტორი ივანე გოგლიძე ესაუბრა.

– ,,კულა’’ აწარმოებს 250-მდე დასახელების პროდუქტს, რომელი პროდუქციაა ყველაზე მოთხოვნადი საქართველოში, საქართველოს ბაზრის რამდენ პროცენტს იკავებს ,,კულა’’ და რა არის მისი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

– კომპანია ,,კულა” დაარსების დღიდან ორიენტირებული იყო ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე. პირველ ეტაპზე წარმოება წვენებით დაიწყო. შემდეგ დაემატა ტყემლები, კომპოტები, მურაბები, ჯემები, სამარხვო სადილები, მწნილები, ხორცის კონსერვები და სხვა.

საერთო ჯამში ვაწარმოებთ 250-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, რის შედეგადაც გავხდით საქართველოში ყველაზე დიდი მწარმოებელი. არ არსებობს საქართველოში სხვა კომპანია, რომელიც ამ რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს და თანაც ხარისხიანს.

ჩვენი ყველა პროდუქტი მოთხოვნადია, ვინაიდან ახალი პროდუქციის წარმოებამდე ხდება ბაზრის შესწავლა და მოთხოვნების მიხედვით ვნერგავთ სიახლეებს. თუმცა, წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროდუქტზეა უფრო მაღალი მოთხოვნა. ზაფხულში წვენები და კომპოტებია პოპულარული, ზამთარში მურაბა და ჯემები, მარხვის პერიოდში იმატებს მოთხოვნა სამარხვო კერძებზე, ხოლო ჩვენი ტყემლები და აჯიკები მთელი სეზონის განმავლობაში მოთხოვნადია. ჩვენ პრემიუმ და საშუალო სეგმენტში ვართ წარმატებულები, მეტიც, პრემიუმ სეგმენტში ერთპიროვნული ლიდერები ვართ. ჩვენი უპირატესობაა ხარისხი, რაც მიიღწევა ქართული ნედლეულის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

– რა ტექნოლოგიებით მუშავდება პროდუქცია და რამდენად ჯანსაღია იგი?

– ,,კულას” საწარმოს მშენებლობისას და მისი დანადგარებით აღჭურვისას გათვლილი იყო, რომ საწარმომ უნდა დააკმაყოფილოს, არა მარტო წვენების და ხილფაფების მოქმედი სტანდარტები, არამედ გამოშვებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო კვებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებსაც. ამიტომ, ჩვენს წარმოებაში გამოყენებულია ის ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ კონსერვანტების, კონცენტრატების, საღებავების და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე ვაწარმოოთ პროდუქტი.

სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა ტექნოლოგია და რეჟიმი სჭირდება. ამიტომ, სტანდარტის მიხედვით ვიყენებთ: პასტერიზაციას, სტერილიზაციას, ასეპტიკურ ჩამოსხმას, პირდაპირ გამოწურვას და სხვა მეთოდებს. აღნიშნული მეთოდები გვაძლევენ საშუალებას, რომ მაღალხარისხიანი ჯანსაღი პროდუქტი ვაწარმოოთ, რაც დასტურდება უამრავი გამოკვლევებით და იმით, რომ ჩვენი პროდუქცია 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, ყველა მათგანმა გაიარა შემოწმება და მათზე სულ უფრო და უფრო დიდი მოთხოვნაა.

– საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანააა, კონკურენციის და დემპინგის თვალსაზრისით, რამდენად გექმნებათ პრობლემა თქვენ და ზოგადად, რამდენად უქმნის პრობლემას ადგილობრივ წარმოებას უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია?

– სამწუხაროდ საქართველოში ბევრი პროდუქტი შემოდის იმპორტის სახით, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საბაჟო გადასახადები გაუქმდა თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპასთან. ყველა იმპორტიორს უნდა ისეთი პროდუქციის შემოტანა, რომელიც მაქსიმალურად დიდ მოგებას დაუტოვებს, ცდილობენ შემოიტანონ დაბალფასიანი პროდუქტი, ამიტომ ძირითადად ფასის მხრივ გვაქვს მათთან კონკურენცია. თუმცა ჩვენი პროდუქცია არის სხვა ხარისხის, სხვა სეგმენტის და ანალოგიური პროდუქცია ძირითადად არ შემოდის საქართველოში და თუ შემოდის ის ჩვენს პროდუქციაზე ძვირია.

რა თქმა უნდა, შემოტანილი პროდუქტი, მითუმეტეს გადასახადების გარეშე, უქმნის პრობლემებს ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ ზუსტად ეს არის საბაზრო ეკონომიკა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, შევძლოთ მობილიზება იმისათვის, რომ შევქმნათ, როგორც ხარისხიანი, ასევე ფასით კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რაც ვფიქრობთ კარგად გამოგვდის.

– კულამ ექსპორტი 2009 წლიდან დაიწყო.რა რაოდენობის პროდუქცია გაგაქვთ ექსპორტზე, რომელი ქვეყნის ბაზრები გაქვთ ათვისებული ამ ეტაპზე და ხომ არ გეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას?

– ჩვენ მიერ ტრადიციულ რეცეპტებზე დამზადებული პროდუქცია წლებია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და სხვა უამრავ ქვეყანაშიც გაითქვა სახელი. დღეს უკვე 25 ქვეყანაში ვართ წამოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, კუბა, ევროპის ქვეყნები, ავსტრალია, დესეთეს ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, არაბეთის ქვეყნებში. ყველა ქვეყანას თავისი გემოვნება და მოთხოვნა აქვს, მაგალითად, ისრაელში ჩვენი მურაბები და ტყემალი მოსწონთ, ევროპაში ტკბილს ერიდებიან, ამიტომ იქ ტყემალი და აჯიკა უფრო იყიდება. რუსეთში – წვენები, აჯიკა, ტყემალი. გერმანიაში განსაკუთრებით მოსწონთ უშაქრო წვენები, საწებელები, ტყემლები და მურაბები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ახალი ბაზრების ათვისებას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნებში.

– 2017 წელს დაიწყეთ ხორცისა და თევზის კონსერვების წარმოება.რამდენად გაამართლა ამ წამოწყებამ და ხდება თუ არა მათი ექსპორტზე გატანა? უახლოეს პერიოდში, გეგმავთ თუ არა რაიმე ახალი პროდუქციის გამოშვებას ბაზარზე?

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლისათვის სიახლის შეთავაზებას. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს დავიწყეთ ხორცის და თევზის კონსერვების წარმოება, რაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ბაზარზე უკვე არსებული ხორცის კონსერვის გარდა, დავიწყეთ ქართული ტრადიციული კერძების კონსერვების წარმოება: ჩაშუშული, ჩაქაფული, ბუღლამა, ყაურმა, ტოლმა და ახლო მომავალში იგეგმება სხვა კონსერვების წარმოებაც. პარალელურად დავიწყეთ უშაქრო პროდუქციის სეგმენტის გაფართოებაც, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ტყემლებს, წვენებს, მურაბებს, კომპოტებს, ჯემებს შაქრის დამატების გარეშე.

2018 წელს იგეგმება ბიოპროდუქტების წარმოების დაწყება. ქარხნის მშენებლობა ახალციხეში უკვე დაწყებულია. იგი ძირითადად ბიო წვენების წარმოებით იქნება დაკავებული, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გაიგზავნება.

– ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია გახდეს უფრო პოპულარული, კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრებისთვის?

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების თვალსაზრისით, საკმაოდ უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს. სახელმწიფო ახორციელებს მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტს. ამ ეტაპზე ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია პროექტში ჩართვა და ვცდილობთ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ქართული წარმოების გასავითარებლად.

რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი აღნიშნული ღონისძიებები და უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო მეწარმეებს, უნდა ხდებოდეს რიგ შემთხვევებში სტიმულირება, სუბსიდირება, სხვადასხვა აქტივობების მოწყობა საზღვარგარეთ.

პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი საელჩოები, რომ საქართველო უფრო მეტად გააცნონ და შესაბამისად ქართულ პროდუქტს გაუკეთონ პოპულარიზაცია სხვა ქვეყნებში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს უნდა გამოეყოთ შეღავათიანი კრედიტები, როგორებიცაა ევროპის ქვეყნებში.

კარგი იქნება თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებებს კომუნალური გადასახადების ნაწილობრივი სუბსიდირების საშუალებით. გასაგებია, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი არ მოიპოვება და სახელმწიფო ამ მხრივ დიდ შეღავათს ვერ გაუწევს კომპანიებს, თუმცა წყალი იმდენია, რომ ასეთი მაღალი ფასი არ უნდა იყოს დაწესებული. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში გადაწყდება ეს პრობლემა.

ეს ყველაფერი კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმოება გავზარდოთ და ჩვენი პროდუქტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ავტორი: მარიამ აბრამიშვილი

წყარო: „ბანკები და ფინანსები"