ბანკებმა სესხებზე დაკისრებული ჯარიმებიდან 77 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

2017 წლის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა გაცემულ სესხებზე დაკისრებული ჯარიმა-საურავებიდან ჯამში 77,138,774 ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამის შესახებ, ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კომერციული ბანკების ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.

ანგარიშგების მიხედვით, ყველაზე მეტი - 21,448,494 ლარის ოდენობის შემოსავალი ჯარიმებიდან „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო. მას მოსდევს „თიბისი ბანკი“, რომლის შემოსავალმაც კლიენტებზე გაცემულ სესხებზე დაკისრებული საურავებიდან 19,561,655 ლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი ამ მაჩვენებლით „საქართველოს ბანკია“, რომლის შემოსავალიც საანგარიშო პერიოდში 14,991,033 ლარი იყო.

ხუთეულში მოხვდნენ ასევე „ბანკი ქართუ“ და „კრედო“, რომელთა შემოსავლებმა ჯარიმა-საურავებიდან შესაბამისად, 6,899,840 და 4,551,658 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში მთლიანად საბანკო სექტორის მოგება 869,7 მილიონი ლარი იყო. ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ კი 209 192 767 ლარი შეადგინა.