სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს, - ამის შესახებ ნათქვამია ”შრომის უსაფრთოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
ბიზნესომბუდსმენი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და მათ საშუალება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დააფიქსირონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.
„ბიზნესსექტორი მიესალმება და მხარს უჭერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალი სტანდარტის პროდუქციის, თუ სერვისების წარმოებას უკავშირდება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, ბიზნესის და ბიზნესის სფეროში დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ცხადი რეგულაციების შემუშავების, გაურკვევლობებისა და ბიზნესის საქმიანობის რაიმე სახით ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.
კანონპროექტის უკანასკნელი ვერსიიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს შემდეგი რეკომენდაციები:
ა) სანქციების ოდენობა და კომბინაცია უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, რაც ხელს შეუწყობს კანონპროექტის ეფექტურობას. სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს.
ბ) კანონპროექტის, ისევე როგორც მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების, ამოქმედების ვადები უნდა განისაზღვროს გონივრულად, რათა ბიზნესს მიეცეს ადეკვატური დრო გაეცნოს ახალ რეგულაციებს/რეგლამენტებს და თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ვალდებულებებთან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინელებელია მძიმე, მავნე, საშიში და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებთან მიმართებაში მისი სწრაფად ამოქმედების მნიშვნელობა.
გ) მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დასაქმებულის ბრალეულობით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) შემთხვევის დადგომისას, არ დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.
დ) დაზუსტებას მოითხოვს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა და დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება. მნიშვნელოვანია, კანონით განისაზღვროს რეგისტრაციას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ეს იქნება პირადი სახის მონაცემები.
ე) საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სიმცირის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პროფესიული გადამზადების კუთხით პროგრამების არსებობა, რათა რიგ საწარმოებს არ გაუჭირდეთ შიდა შრომის უსაფრთხოების სისტემის კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს.
ამასთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მზაობას ფართო და გამჭირვალე სადისკუსიო ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით.