XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში , ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს სტატიას - "საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:
რუსეთის ფინანსთა მინისტრის, გრაფ სერგეი ვიტეს ხელმძღვანელობით, 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. ეს პიროვნება, რომელიც თბილისში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ბალტიელი გერმანელი იყო. შემდგომში იგი სათავეში ედგა რუსეთის მინისტრთა საბჭოს (1905-1906 წლებში). ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ქაღალდის ფული მთლიანად იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა.
1 რუბლი ოფიციალურად შეესაბამებოდა 17,424 წილ (ანუ 0,7742 გრამ) სუფთა ოქროს (იმხანად "წილი" საზომ ერთეულს ეწოდებოდა). ოქროს მონეტების წონა შემდეგნაირი იყო: 5 რუბლი - 4,3 გრამი; 71/2 რუბლი - 6,45 გრამი; 10 რუბლი - 8,6 გრამი; 15 რუბლი - 12,9 გრამი. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მონეტები მოჭრილი იყო 900-იანი სინჯის მქონე ოქროსგან, ანუ შეიცავდა სხვა ლითონის 10%-იან მინარევს. შესაბამისად, ეს მონეტები შეიცავდა შემდეგი რაოდენობის სუფთა ოქროს: 5 რუბლი - 3,871 გრამი; 71/2 რუბლი - 5,8065 გრამი; 10 რუბლი - 7,742 გრამი; 15 რუბლი - 11,613 გრამი.
რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს. რუსეთის იმპერიის 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.
მუშათა ანაზღაურება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის (1883-1959) თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" (ტ. II, პარიზი, 1960), მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს. კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.
პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.
ამ მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძენა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა ყველა აქ დასახელებული პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.
მეცნიერ-პედაგოგთა ანაზღაურება
ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი
იყო.
ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) ცნობით, ნიკო მარს (1865-1934) "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა, სხვა არაფერი და ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, - 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".
პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ივანე ჯავახიშვილს (1876-1940) 1900 წლის იანვრიდან 1902 წლის ივლისამდე ეძლეოდა სამაგისტრო სტიპენდია თვეში - 50 რუბლი.