სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი თანდათან მცირდება.
ამ ეტაპზე მისი მაჩვენებელი 30%-ია, როცა რამდენიმე წლის წინ 60%-ს აღწევდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ დროს ფასები ელვისებურად სწორედ სურსათსა და პირველადი საჭიროების პროდუქტზე იზრდება, ინფლაცია კი უმნიშვნელოა. ეს იმის ბრალია, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების უმეტესობას მოსახლეობა იშვიათად მოიხმარს.
ამიერიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციას სამომხმარებლო კალათაში შესული 305 პროდუქტის საფუძველზე დაითვლის. მათ შორის ზოგიერთი ისეთია, რომელიც რეალური ინფლაციის მაჩვენებელს დაბლა სწევს, არადა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას, პრაქტიკულად, არ მოიხმარს. "ბიზნეს-რეზონანსი" მხოლოდ რამდენიმე უცნაურ ნივთს (ან მომსახურებას) წარმოგიდგენთ, რომლებიც სამომხმარებლო კალათაშია შესული: გიტარა, მუზეუმის ბილეთი, სურათების ბეჭდვა, სანოტარო გადასახადი, რეპეტიტორის მომსახურება.… ეს ისეთი საქონელია, რომლის ღირებულება წლების (შესაძლოა, ათწლეულის) განმავლობაში არ იცვლება, მათი ღირებულებით კი პირველადი მოხმარების სწრაფად მზარდი ფასები "ბალანსდება".
იანვარში ინფლაციის მაჩვენებელმა 4,4% შეადგინა, რომელიც, მიზნობრივ მონაცემთან შედარებით, მაღალია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციის დონე, მისი დათვლის მეთოდის გამო, უფრო შემცირდება, განსაკუთრებით - ზაფხულის პერიოდში. ამ დროს, ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ზრდის რეალური დონე ოფიციალურ სტატისტიკას საგრძნობლად აღემატება. გარდა ამისა, "საქსტატის" მეთოდოლოგიაში ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არ არის გათვალისწინებული.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების ნუსხა შესაცვლელია, რამდენადაც უმეტესობას მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად არ მოიხმარს.
"ერთია საკითხი, ინფლაცია ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს როგორ შეეხება, ხოლო მეორე – მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელი რამდენად იზრდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს 3%-ის ფარგლებშია მიზნობრივი ინფლაციის დონე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად წარმატებულია სებ-ი ინფლაციის დაგეგმვასა და შემდგომ მართვაში, არ მაქვს მოლოდინი, რომ წლეულს იგი დაგეგმილს მიუახლოვდება. მით უმეტეს, 2017 წლის ბოლოს გაძვირდა კომუნალური გადასახადები, რაც სტატისტიკურ მონაცემზე გავლენას მოახდენს.
ცალკე საკითხია, რას ასახავს ინფლაცია რეალურად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში, ძირითადად, გაჭირვებული მოსახლეობაა და საშუალო და მდიდარი ფენა 25%-ს არ აჭარბებს, შესაბამისად, გამოდის, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ მოიხმარს.
ყველაზე მეტად ქვეყანაში გაძვირებულია სურსათი, საწვავი და კომუნალური მომსახურება, რაც გაჭირვებულ ფენას აზარალებს. ამ კატეგორიისთვის ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებელი გვეუბნება. თუ საუბარია გიტარაზე, მუზეუმის ბილეთის ფასსა და სხვა არაპრაქტიკულ მომსახურებაზე, მას მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ მოიხმარს~, - განმარტავს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით ინფლაციის გამოანგარიშება არასწორია.
"განვითარებული ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ, იქ შინამეურნეობები თავიანთი შემოსავლის 10%-ს ხარჯავენ საკვებში, როცა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. შესაბამისად, რა მეთოდითაც ვითვლით, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ის ვერ გვიჩვენებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რეალურად ასეა.
საუბარი იყო სამომხმარებლო კალათის ახლიდან სტრუქტუირებაზე, რათა გავითვალისწინოთ, ხალხი თავისი ბიუჯეტის რა ნაწილს ხარჯავს საკვებსა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტზე. აქ ნამდვილად სხვა მდგომარეობაა, ვიდრე ამას ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი გვეუბნება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ანალიტიკოსმა.
ბოლო წლების განმავლობაში თანდათან მცირდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი სურსათის კომპონენტი და იზრდება არასასურსათო მომსახურების კომპონენტი - საქონელი და მომსახურება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ სურსათის წილი სამომხმარებლო კალათაში შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.
"ინფლაციის მაჩვენებელზე სოლიდური გავლენის მომხდენია კვების პროდუქტები, რომელთა წილი სამომხმარებლო კალათაში 30%-ია. იყო ისეთი შემთხვევა, როცა სურსათის ხარჯვის ნაწილში შედიოდა (ხან ამოვარდებოდა) ჯონჯოლი. როცა პირველად დაიწყეს ინფლაციის გაანგარიშება, მაშინ კალათაში სურსათის წილი 70%-ს შეადგენდა, შემდეგ 60%-მდე ჩამოვიდა და თანდათან ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა.
ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, თანდათან მცირდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი სურსათის კომპონენტი, ხოლო არასასურსათო მომსახურების წილი მატულობს, რაც ტექნიკურ პროგრესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 90-იან წლებში კალათაში შედიოდა ნავთი, ლამპის შუშა, სანთელი და სხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თანდათანობით ხდება ამ საქონელთა შემადგენლობის გადახალისება.
ჩვენ თუ მივდივართ განვითარებისა და პროგრესისკენ და თუკი ოფიციალურად ფიქსირდება შემოსავლების ზრდა, რატომ არ უნდა იყოს გაზრდილი მოთხოვნილება, ვთქვათ, სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებაზე და სხვა? პრაქტიკულად, ამ კატეგორიას სასურსათო კალათიდან ამოვარდნა რეალურად არ ემუქრება და ველოდებით, რომ სურსათის წილი 30%-ზე დაბლა წავა.
არასასურსათო საქონელის ხარჯი, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჯანდაცვა, კულტურა, დასვენება-გართობა და სხვა, 70%-ს აღწევს. სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების რაოდენობა ყველა ქვეყნისთვის სპეციფიკურია. არ მიმაჩნია, რომ 305 დასახელების საქონელი (მომსახურება) არის ბევრი, როცა არის შემთხვევები, როცა გაცილებით მეტი აქვთ, მაგალითად, გერმანიისთვის ეს მაჩვენებელი 500-ზე მაღალია. განვითარებულ ქვეყნებს თუ გავითვალისწინებთ, იქ სურსათის ხარჯვის წილი კიდევ უფრო დაბალია – 18-20%-ის ფარგლებში", - აცხადებს არჩვაძე.
მისი თქმით, თუკი სამომხმარებლო კალათაში შემავალი ამა თუ იმ საქონლის წონას გავზრდით, ის აუცილებლად მოახდენს გავლენას ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელზე, თუმცა ჯერჯერობით ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
"2011 წელს, წინა წელთან (2010 წელი) შედრებით, წიწიბურას ფასი გაიზარდა 3-ჯერ - 1,5 ლარიდან 4,5 ლარამდე, თვითმფრინავით მგაზვრობის საფასური კი, ლარის გამყარების გამო, გაიაფდა დაახლოებით 90 ლარით, მაგრამ მოსახლეობისთვის წიწიბურას ფასის ზრდა უფრო საგრძნობი და მტკივნეული იყო, ვიდრე ავიაბილეთების გაიაფების შეღავათი. ეს იმიტომ, რომ წიწიბურას მომხმარებელი არის გაცილებით მეტი ადამიანი. ამიტომ ჩვენ თუ გავზრდით ამა თუ იმ საქონლის წონას, ინფლაციის ფორმირებაზე იგი საგრძნობ გავლენას ახდენს", - განმარტავს არჩვაძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"