"ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში"

ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ უწყობს ეკონომიკურ ზრდას ჩინეთთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული გამოცდილება აქვს და დიდი დაინტერესებაა, ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების მხრიდან.

„თუ შეხედავთ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ის მაღალი იყო. ჩვენი მიზანია, წელსაც რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით ენერგოსექტორში, თუმცა მოხარულები ვართ, რომ დაინტერესება დიდია ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, სასტუმროების ბიზნესი, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. დიდი დაინტერესებაა, ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების მხრიდან. მინდა აღვნიშნო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით, საქართველო ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონის სატრანსპორტო სექტორში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.