ჩვენ დღეს სამუშაო შეხვედრა გავმართეთ კერძო სექტორთან, რომელსაც გავაცანით როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი რეფორმები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი წიაღის სექტორში" , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორის ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთი ქოლგის ქვეშ, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში წიაღისეულის, ქონების და ენერგეტიკის მიმართულებების თავმოყრას, ერთმნიშვნელოვნად დიდი სინერგიის ეფექტი აქვს.
„ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ წიაღისეულის მოპოვების ნაწილში. მთავრობის წინა სხდომაზე მიღებული ცვლილებების თანახმად, წიაღისეულის შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებზე შესაძლებელია, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე გაიცეს. ცოტა ხანში აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე, სადაც მომხმარებელი, ინვესტორი შეძლებს გაფილტროს ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კონკრეტული წიაღისეულის დასახელების თუ ნაირსახეობის მიხედვით. ეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ბიზნესს შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი გადაწყვეტილებები და განსაზღვროს საინვესტიციო მიმართულებები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.