ციფრული ვალუტების ბაზარი პანიკამ მოიცვა - ჯონ მაკეფი კი ისევ ზრდაზე საუბრობს

ციფრული ვალუტების ბაზარი ვარდნას აგრძელებს და ამ შემთხვევაშიც, ავანგარდში ბიტკოინია, რომლის ფასმა ახალ ზღვარს, 6 000 დოლარს მიაღწია.

ამის ძირითადი მიზეზი წამყვანი ქვეყნების მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებებია, სადაც ისინი სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ აუცილებელია ციფრული ვალუტების ბაზრის კონტროლი.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო პლატფორმა „ბიტფაინექსზე“, ბიტკოინის ფასმა დღის პირველ ნახევარში 6 000 დოლარს მიაღწია, მოგვიანებით კი 6 228.80 დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 19 891.0 დოლარამდე იყო გაზრდილი. მას შემდეგ კი ფასმა 60 პროცენტზე მეტი დაკარგა.

ბიტკოინის და ციფრული ვალუტების ვარდნის საწყისი ეტაპი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მთავრობათა მიერ ამ ახალი ბაზრის კონტროლისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. ამას რამდენიმე დიდი ამერიკული ბანკის მიერ, საკრედიტო ბარათებით ციფრული ვალუტების ყიდვის აკრძალვა მოჰყვა. ნეგატიური ინფორმაცია დომინოს პრინციპით მიჰყვა ერთმანეთს, ამან კი ციფრული ვალუტების ბაზარზე პანიკა გამოიწვია. ამ ეფექტს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ვარდნის დაწყებამდე, ბევრი ანალიტიკოსი ციფრული ვალუტების ფასების ზრდას საპნის ბუშტს ადარებდა.

დღეს შეერთებული შტატების სენატში სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის და ფასიანი ქაღალდების ბაზრების კომისიების მოსმენა გაიმართება, რა დროსაც, ვირტუალური ვალუტების ბაზრის რეგულირების საკითხსაც განიხილავენ. მოსმენის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, ციფრული ვალუტების ბაზარზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია.

საინტერესოა, რომ ბაზარზე გამეფებული საყოველთაო პანიკის ფონზე, ბიტკოინის მომავლისადმი რწმენა გაუძლიერდა ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენ ჯონ მაკეფის (პოპულარულ კომპიუტერულ ანტივირუს მაკეფის შემქმნელი), ვინც საკუთარი პროგნოზი, რომლითაც ბიტკოინის ფასის ნახევარ მილიონამდე გაზრდას ვარაუდობდა, გააორმაგა. უფრო მეტიც, ის ისევ თავის პირობაზეა, რომლის შესაბამისადაც, თუ ბიტკოინის ფასი 2020 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ დოლარს არ მიაღწევს, ის ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საკუთარ მამაკაცურ სიამაყეს შეჭამს.

„როცა მე ვივარაუდე, რომ ბიტკოინის ფასი 2020 წლის ბოლოსთვის 500 000 დოლარს მიაღწევდა, მაშინ გამოყენებული მოდელით, 2017 წლის ბოლოს ფასი 5 000 დოლარამდე უნდა შემცირებულიყო. ახლა ვხედავ, რომ ბიტკოინის ფასი უფრო მაღალი ტემპით გაიზრდება. ახლა ვფიქრობ, რომ ის 2020 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ დოლარს მიაღწევს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ საკუთარ პე*-ს შევჭამ“, - ასე წერს მაკეფი საკუთარ ტვიტერზე.

ის არ აკონკრეტებს მოდელს, რომლის შესაბამისადაც ასე გაბედულ პროგნოზს აკეთებს. სავარაუდოდ, ეს ელიოტის ტალღების თეორიაა, რომლის შესაბამისადაც, ბიტკოინის ფასის ახლანდელი ვარდნა, მეორე ტალღის კორექციაა. ეს თეორია იყენებს ფიბონაჩის რიცხვების თეორიას, რომლის შესაბამისადაც, მეორე ტალღას პირველის 61.8 პროცენტის და ხშირად უფრო მეტის გადაფარვა შეუძლია. ამ თეორიის შესაბამისად, ბიტკოინის ფასის ვარდნა ამჟამად ბოლო ფაზაში უნდა იყოს. ამას კი მესამე ტალღა მოჰყვება, რომელიც ელიოტის თეორიის შესაბამისად, ხუთტალღიან ფორმაციაში არასდროს არის ყველაზე მოკლე.