თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგადდაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, დაფინანსება შეეხება როგორც მკურნალობას, ისე მედიკამენტებს.
”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ყველა ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, აანაზღაურებს თბილისის მერია. მოქალაქეების, რომლებსაც თვითონ მოუწიათ ხარჯების გაღება, კომპენსირება მოხდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ მერიაში და გამგეობაში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვართ ეს დაფინანსება სრულად გავწიოთ. ამის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ თავად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა მოგროვდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია ასანაზღაურებელი და რა მიმართულებით. ზოგს მედიკამენტები სჭირდება, ზოგს შემდეგი მკურნალობა. სრულად, რაც საჭირო იქნება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხარჯებს თბილისის მერია სრულად აანაზღაურებს”, - განაცხადა ხმალაძემ.