"უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე უწყების კომპრომენტირებას"

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულბრალდებებს ეხმაურება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ცილისმწამებლური კამპანია და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვადასხვა უწყების კომპრომენტირებას.

”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სურს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს უკანასკნელ პერიოდში მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფართო სპექტრის საკითხებისადმი. ასეთი ცილისმწამებლური კამპანია და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვადასხვა უწყების კომპრომენტირებას და მათთვის დაუმსახურებლად ჩირქის მოცხებას. ასეთ ცრუ ბრალდებებში გამოსჭვივის სრული არაკომპეტენტურობა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევებში არ იქნებოდა რაიმე რეაქციის საფუძველი, რომ არა დემაგოგიური განცხადებებით სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობა.

ამ კამპანიით ხდება სახელმწიფო შესყიდვებში გაუთვიცნობიერებელი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, რომ სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემა თითქოს ისე არის მოწყობილი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების დროს გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ფასით, რასაც ეწირება საქონლის თუ მომსახურების ხარისხი. აღნიშნული შეფასება შორსაა რეალობისაგან და აბსოლუტურად არ ასახავს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანომ მიიღოს მისთვის სასურველი ხარისხის, პარამეტრებისა და კონდიციის მქონე საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაოები, მან გამოცხადებულ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ ტექნიკურ სპეციფიკაციებში სკურპულოზურად და დეტალურად უნდა ჩამოაყალიბოს ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში არის შესაძლებელი სასურველი საქონლის მიღება. თუკი ესა თუ ის საქონელი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს, მისი წარმდგენი კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ფასის კომპონენტი კი თავს იჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში და გავლენას ახდენს გამარჯვებულის გამოვლენაზე, თუკი წარმოდგენილია მოთხოვნის შესაბამისი საქონელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაოდენ დაბალი ფასი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუკი შესყიდვის ობიექტი არ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს, ასეთ წინადადებას შემდგომი მსვლელობა არ მიეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული SPA ტენდერების პლატფორმა სწორად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იძლევა სასურველი ხარისხის პროდუქტის მიღების შესაძლებლობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხარისხის კომპონენტზე აქცენტირებით, ჯერ კიდევ 2016 წლიდან დანერგა სახელმწიფო შესყიდვის ახალი ტიპი, ე. წ. ორეტაპიანი ტენდერი (MEP), რომელიც ითვალისწინებს გამარჯვებულის გამოვლენას ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების გზით. აღნიშნული ტენდერის ტიპი შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და ის ხვედრითი წონები, რომელთა გათვალისწინებითაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ფორმულა გამოავლენს ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების მქონე სატენდერო წინადადებას.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ კარგად შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და გამარჯვებულ კომპანიასთან იურიდიული ნორმების დაცვით გაფორმებული ხელშეკრულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღოს სასურველი ხარისხის შესყიდვის ობიექტი. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს ინსპექტირების ინსტიტუტს, რომლის მიზანია უზრუნველყოს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა შესრულებულ სამუშაოებზე. თუ შესყიდვის ობიექტის ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ეს უკანასკნელი სათანადო მითითების შემთხვევაში ვალდებულია გამოასწოროს აღნიშნული დეფექტები, ხოლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ფინანსური სანქციების დაწესებას, ასევე ასეთი კომპანიის დარეგისტრირებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

გაგრძელება იხილეთ