სინერჯი ჯგუფმა რეკრუტინგის რიგით მე-19 სესია დაასრულა. საუკეთესო 100-ზე მეტი კანდიდატიდან 3 ადამიანი შეირჩა.
შერჩევის პროცესი ტრადიციულად რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველივე ეტაპში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს შეეძლოთ, რომლებიც აკადემიურ მოსწრებაშიც მოწინავეები არიან და ამავე დროს ზოგად უნარებშიც გამორჩეულად მაღალი ქულები აქვთ. შერჩევის პირველი ეტაპი სინერჯის მმართველი პარტნიორის მონაწილეობით ჩატარდა. კანდიდატებმა ანალიტიკური უნარების, პიროვნული თვისებების, შესაძლებლობების და ზრდის პოტენციალის შეფასების რამდენიმე ეტაპი გაიარეს, როგორც ჯგუფური შერჩევით, გუნდური მუშაობის დავალებებით, ისე ინდივიდუალური გასაუბრებით. განსაკუთრებით საინტერესოა დასკვნითი ე.წ. “დიდი გასაუბრება”, რომელიც მას შემდეგ ტარდება, რაც ანალიტიკური უნარებით კანდიდატი უკვე აკმაყოფილებს სასურველ კრიტერიუმებს. “დიდ გასაუბრებას” ესწრება სინერჯის გუნდის ყველა წევრი. როგორც წესი, გრძელდება მინიმუმ ერთ საათს. გასაუბრების მიზანია, გაირკვეს კანდიდატი თავისი პიროვნული თვისებებით, დამოკიდებულებებით და ღირებულებებით რამდენად თავსებადია გუნდის ფასეულობებთან. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც გუნდურად ხდება. თუ ერთი ადამიანი მაინც წინააღმდეგია ახალი წევრის დამატებაზე, დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღება.
ამ შერჩევის იღბლიანი კანდიდატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები უჩა ხმიადაშვილი, გივი თვაური და ლოლიტა ფეიქრიშვილი არიან.
სინერჯი მომდევნო, გაზაფხულის შერჩევის პროცესს თებერვლის ბოლოს იწყებს.
(R)