მთიან რეგიონებში მინი საბაგიროების დამონტაჟება დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მთიან რეგიონებში მინი საბაგიროების დამონტაჟება დაიწყო , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირადღირებულ საბაგირო გზებს და ეს რა თქმა უნდა, ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად, ტუზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ გვესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა წავიდეს. ჩვენ დავიწყეთ უკვე სოფლებში დამონტაჟება მინი საბაგირო გზების. „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრი სიგრძის. ზემო და ქვემო სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი, დავამონტაჟეთ ასეთი საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ რამხელა პოპულარობით სარგებლობს. ყველა ბავშვს შეუძლია ისარგებლოს. მარტივი კონსტრუქციაა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ აუცილებლად მთიან რეგიონებში, სადაც გვაქვს თოვლი და არის ელემენტარულად აღმართი და დაღმართი. ამის გაკეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება, რომ ბავშვების გაჯანსაღებისთვის და შემდგომში უკვე იმისთვის, რომ ეს ბავშვები გაიზარდონ და გახდნენ ისეთივე საამაყო ოლიმპიელები, როგორც გვყავს ჩვენი 4 ოლიმპიელი, ასევე, განივითარონ საკუთარი შესაძლებლობები იმ სოფელში, სადაც ცხოვრობენ. მინუმუმ გაიზრდებიან ჯანმრთელები და ექნებათ ეს გართობის საშუალება ზამთარში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთები არის ქვეყნის დიდი სიმდიდრე.

„ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში ვაპირებთ სასეირნო ბილიკების, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობას და ასევე ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრტუქტურის მოწობას, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რომელიც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. მთები არის ჩვენი სიმდიდრე, მთები არის ის, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში უკეთესობისკენ მნიშვნელოვანდ შეცვალოს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.