„რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბისა და მიწისქვეშა სატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბისა და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის მერიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 19 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 ათასი ლარია.

„საპროექტო ობიექტები მთაწმინდის რაიონში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გვირაბი ერთმანეთთან აკავშირებს მ. ჯავახიშვილისა და რ. თაბუკაშვილის ქუჩებს, რომლის სიგრძე 150 მ-ია, სიგანე კი 18,8 მ.-ს შეადგენს. ავტოსატრანსპორტო გასასვლელი (ხიდი-გზაგამტარი) სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ს მიმდებარე ვარდების მოედანს აკავშირებს მერაბ კოსტავას და ახვლედიანის ქუჩებთან. აღნიშნული სატრანსპორტო გასასვლელი წარმოადგენს რკინაბეტონის ჭრილკოჭოვანი მალის ნაშენის მქონე ორ მალიან ხიდს საერთო სიგრძით 30,1მ. მომსახურების მიწოდება გვირაბისა და ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და მათი სარეაბილტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ისახავს მიზნად,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.