ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ბადაგონის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება კონკრეტულად „ბადაგონის“ მეწილეებს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ბადაგონში“ პარტნიორისა და წილის ცვლილებაზე განცხადება პირველად 2010 წლის 1-ლი თებერვლით თარიღდება. იმ დროისთვის კომპანიის 79%-იანი წილის მფლობელი „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ იყო, 7-7-7%-იან წილს ფლობდნენ მიხეილ სვიმონიშვილი, ნატო ზაალიშვილი, შოთა გვარაძე, რომლებმაც იმ პერიოდში წილები „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ სასარგებლოდ დათმეს. შესაბამისად, 2010 წლის თებერვლიდან „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ეს უკანასკნელი გახდა.
მეწარმე სუბიექტების ცვლილებასთან დაკავშირებით სამეწარმეო რეესტრში მორიგი განცხადება 2013 წლის 25 ივლისს დარეგისტრირდა. სწორედ იმ პერიოდიდან კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი გიორგი სალაყაია ხდება, „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ კი 60%-ის.
2015 წელის დასაწყისში „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წილი კომპანიაში კიდევ 10%-ით შემცირდა. იმ დროისთვის სალაყაია 50%-ის მფლობელი გახდა.
2015 წლის იანვარის ბოლოს კი „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი სალაყაია გახდა.
„გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა.