„სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე გზა წყლით არის დაფარული - 254 მლნ ლარი იხარჯება და შედეგად სრულიად არაეფექტურ გზას ვიღებთ“

„მთლიანად გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი, რომელიც შენდება, წყლით არის დაფარული,“- ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გზის მშენებლობაზე 254 მილიონი იხარჯება, თუმცა შედეგად სრულიად არაეფექტურ გზას ვიღებთ, რომლის თავიდან გაკეთება გახდება საჭირო.

„ხშირად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეაქვს განაცხადი და კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ცვლილებებს ითხოვს. ეს ცვლილებები კი ყოველგვარი დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის გარეშე ხორციელდება ანუ ცვლილებები მორგებულია კომპანიის ინტერესებზე. შემიძლია რამდენიმე მაგალითზე ვისაუბრო, როდესაც პროექტის პირვანდელი ღირებულება ცვლილებების შედეგად გაცილებით დაბალ ფასზე დავიდა.

ცვლილებები შევიდა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის პროექტშიც, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. კერძოდ, თავიდან პროექტით განსაზღვრული იყო, რომ გზა უნდა აშენებულიყო ბეტონის ხიმინჯებზე. იქ არის ჭაობიანი ტერიტორია, ამიტომ უნდა დამდგარიყო ბეტონის ხიმინჯები და გზა შემდეგ გასულიყო. თუმცა, კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა. მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან გამდინარე წყლები როცა არის, ფითილები არ ამართლებს. შედეგად კი მივიღეთ რეალობა, რომ მთლიანად გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი, რომელიც შენდება, წყლით არის დაფარული. პროექტზე 254 მილიონი ლარი იხარჯება და ვიღებთ გზას, რომელიც არის სრულიად არაეფექტური და მისი თავიდან გაკეთება მოგვიწევს,“-განაცხადა კაპანაძემ.