საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება.
როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აღნიშნული პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.
„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება გააგრძელოს. საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს,“- აღნიშნავს ბიზნესომბუდსმენი.