სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2017 წელს ჯამში 128062 ჰექტარი ფართობი დამუშავდა

2017 წელს, სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ჯამში, 128062 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დამუშავებულია 110 000 ჰექტარი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ , 15 107 ჰექტარი-იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგოდ, 1050 ჰექტარი-ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ, 900 ჰექტარი-ბზის ალურას საწინააღმდეგოდ, ხოლო ტრანსმისიური დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოების) საწინააღდეგოდ -1005 ჰექტარი ფართობი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რაც უზრუნველყოფს სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვას, მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

ამ მიზნით, 2017 წელს სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა” ფარგლებში, სააგენტომ ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, განახორციელა ღონისძიებები სხვა მავნებლებთან ბრძოლის მიზნით.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა იტალიური კალიის და ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების არეალი და მათი უარყოფითი ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. თუკი 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის მასობრივი გავრცელების დროს, სახელმწიფოს მიერ დამუშავდა 43 281 ჰა, 2017 წელს მხოლოდ 1050 ჰექტრის დამუშავება გახდა საჭირო, ხოლო 2014 წელს იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ დამუშავებული ფართობების ოდენობა 49 874, 2017 წელს 15 107 ჰექტრამდეა შემცირებული.