თბილისში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანის მშენებლობა სრულდება,რომელიც უცხოური კომპანიების დაკვეთით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის პროდუქციას გამოუშვებს.
სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდი“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივად ახორციელებენ. ამჟამად საწარმოში ტექნიკა-დანადგარების აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. საწარმო პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს, რომლის მომხმარებლები მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიები: Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი იქნებიან.
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დანადგარებით აღჭურვისა და მშენებლობის პროცესი დღეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ისრაელის მხრიდან, Elbit Cyclone-ის მთავარი პროგრამების მენეჯერი და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის ATC-ის პროექტის მენეჯერი შარონ გროუპმახერი, ქარხანაში ATC-ის დირექტორი რაფი ბიტონი, ATC-ის ფინანსური დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი და ATC-ის ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი იანა ბრიკმანი და სხვები.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, ამჟამად საწარმოში იტალიური წარმოების დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც თავად იტალიელი სპეციალისტები 2 თვის განმავლობაში განახორციელებენ. რამდენიმე დღის წინ კი მათ ამერიკიდან კალიფორნიაში დამზადებული ორი ავტოკლავი ჩამოუვიდათ, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.
„Elbit Cyclone–ი ამერიკული გიგანტის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის აქციები სხვადასხვა ბირჟაზე კვოტირებს. როდესაც კომპანია საბირჟო პროდუქციას უშვებს საქართველოში, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ წარმოების კაპიტალი 85 მლნ დოლარია, საიდანაც 25 მლნ დოლარი „საპარტნიორო ფონდისაა“. შემდგომ ეტაპზე, როგორც კრედიტის გამცემი „საქართველოს ბანკი იქნება ჩართული. მოლაპარაკება ამჟამად მიმდინარეობს და პროექტში ჩართვის სურვილი აქვთ „იბიარდსა“ და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს“, – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, საწარმოს მიერ წარმოებული პორდუქცია წლის ბოლოს კომპანიებისთვის იქნება მიწოდებული, თუმცა წარმოების გაშვებას აპრილის თვეში გეგმავენ. საგანელიძე აცხადებს, რომ აპრილში დამზადებული პროდუქცია სატესტო იქნება და ისრაელის სათაო კომპანია ტესტირებისთვის წაიღებს. როგორც არის დამზადებული, რათა რაიმე უზუსტობა არ მოხდეს.
საგანელიძის განცხადებით, საწარმოოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების მოცულობა პირველ წელს სავარაუდოდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს და ეს ციფრი მზარდი იქნება.
„შემდგომ წლებში საწარმოს სიმძლავრე სამჯერ გაიზრდება, რადგან თანდათან ახალი სექციები დაემატება. საბოლოო სიმძლავრეზე წარმოება დაახლოებით, 7–8 წლის შემდგ გავა, რა დროსაც პირდაპირი დაკვეთით სხვადახვა კომპანიებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის პროდუქციას გამოუშვებს“, – აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა.
თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოში დასასაქმებლად საინჟინრო–ტექნიკურ კადრებს გადამზადება ისრაელში ხდება. კერძოდ, Elbit Cyclone–ში ამ მიზნით სწავლება ერთი წლის განმავლობაში 80–მდე სპეციალისტმა გაიარა, დაახლოებით 40–მდე კი სტაჟირებას ისრაელში ამჟამად გადის.
წარმოების ინჟინერი და ჯგუფის უფროსი კონსტანტინე ჭეიშვილი იმათ შორის არის რომელმაც სტაჟირება ისრაელში გაიარა. იგი აცხადებს, რომ ამ პროექტისთვის იგი საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა.
„წარმოების ტექნოლოგიითა და სპეციფიკით ჩვენი ქარხანა გამორჩეული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში. მე თვითონ მანამდე გერმანიაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ამ პროექტის გამო საქართველოში ჩამოვედი. იქედან გამომდინარე, რომ წარმოება ძალიან სპეციფიურია, სპეციალისტები ისრაელში გადამზდდა და ნაწილი ახლაც გადის გადამზადებას.კერძოდ, ინჟინრები, ტექნიკოსები და დანადგარების ოპერატორები. ტრენინგი საწარმოო ტექნოლოგიებისა და პროცესების შესწავლას და ასევე კონკრეტული სპეციალობის დაუფლებას მოიცავს. ამ მიზნით ისრაელში ერთი წელი ვიმყოფებოდი“, – განაცხადა კონსტანტინე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, შემდგომ წლებში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანაში შემდგომ 300–მდე ადგილობრივი დასაქმდება.
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მნიშვნელობის შესახებ ჩვენთვის განმარტება „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პროექტის მენეჯერმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის კომპოზიტური მასალა საქართველოში ისრაელიდან ჩამოვა. მაღალი წნევის ქვეშ პროდუქცია იპრესება და შემდგომ მყარი მასალა გამოდის, რომელიც შემდგომ თვითმფრინავებსა და მაღალტექნოლოგიურ წარმოებებში გამოიყენება.
„ყველანაირ დატვირთვას, წნევას, ყინვას უძლებს. ეს არის კომპოზიტური მასალა. ჩვენი საწარმო მას აწარმოებს კომერციული ავიათვითმფრინავებისთვის. ამ მასალისგან კეთდება თვითმფრინავის კარკასი, ფრთები, გარეთა ნაწილი. ამის გამო, ქარხანას ძალიან ბევრი დონის სერტიფიცირება უტარდება, რათა ყველა დარწმუნებული იყვნენ, აქ წარმოებული პროდუქცია ავიათვითმფრინაბისთვის დასაშვებია“, – განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.
„საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს (ATC) შემდგომი განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კომპანია ELBIT Cyclone -ის პრეზიდენტის მიწვევით ისრაელში მიმდინარე თვეში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.
ეკატერინე ბახუტაშვილი