ჩინეთის სარკინიგზო პოლიცია ქალაქ ჟენგჟოუს რკინიგზის სადგურზე, სახის ამომცნობ სათვალეს იყენებს, რათა დანაშაულის პრევენცია მოახდინონ და დააკავონ ეჭვმიტანილები.
სათვალე, რომელიც Google Glass-ის სათვალესავით გამოიყურება, გამოყენებაში მიმდინარე წლიდან ჩაუშვეს და მისი დახმარებით უკვე მოხდა შვიდი კრიმინალის დაკავება.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთის, People's Daily-ის ინფორმაციით, სათვალე დაკავშირებულია მონაცემთა ბაზასთან, რომელმაც უნდა ამოიცნოს სავარაუდო კრიმინალი მგზავრი.
ამ ეტაპზე უცნობია, რა დრო სჭირდება მას დამნაშავის ამოსაცნობად, თუმცა როგორც ამ სათვალის შემქმნელი კომპანიის, LLVision Technology-ის ხელმძღვანელმა, ვუ ფეიმ Wall Street Journal-ს განუცხადა, სათვალე 10 ათასიანი მონაცემთა ბაზიდან 100 მილიწამში ახერხებს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას.
როგორც ცნობილია, ჩინეთი ამ დროისთვის მუშაობს უფრო მასშტაბურ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი 1,3 მილიარდიანი მოსახლეობიდან ნებისმიერი მოქალაქის ამოცნობას სამ წამში შეძლებს. აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა განცხადებითაც სისტემა დაარღვევს ადამიანის უფლებებს.
კოკა კვირკველია