კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონება „ბადაგონის“ დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიისაკუთრა.
დვალიძის თქმით, 2003 წლიდან დღემდე კომპანია „ბადაგონის“ რეალურ მესაკუთრეს მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა წარმოადგენს და ინვესტიციებს რეალურად ის ახორციელებდა.
„ცოტა არ იყოს, სასაცილოა, როცა გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ თითქოს ვლადიმერ ჯანჯღავას წილი არ ეკუთვნის „ბადაგონში“. სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არა მხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში, სწორედ ჯანჯღავას ჩადებული ინვესტიციის წყალობით გახდა კომპანია „ბადაგონი“ ცნობადი, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კომპანია“, – აცხადებს იმედა დვალიძე.
ადვოკატის თქმით, გიორგი სალაყაია ამ კომპანიაში მხოლოდ დაქირავებული მენეჯერი იყო.
მისივე ინფორმაციით, სალაყაიამ ისარგებლა ვლადიმერ ჯანჯღავას ნდობით და კომპანიის მართვის გამარტივების მიზნით შესთავაზა მას წილის საკუთარ თავზე გაფორმება. „სწორედ ამ გზით მიითვისა გიორგი სალაყაიამ როგორც საწარმო, ასევე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციები”, – აცხადებს იმედა დვალიძე.
როგორც ცნობილია, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა.