ზოგიერთ კერძო კლინიკას ნამდვილად გადაჭარბებული შეხედულება აქვს სასწრაფო დახმარებით პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნესინტერესებთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც კერძო კლინიკების გარკვეული ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების გადაყვანა ხშირ შემთხვევაში სუბიექტური შერჩევის წესით ხდება.
"ამოსავალი წერტილია პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი - ერთია, ტერიტორიული, ხოლო მეორეა იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება, რადგან იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზირებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთარებით წლევანდელი წლის დასაწყისიდან, ეს სქემები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემოვიდა ახალი ვალდებულებები, რომ კლინიკას, რომელსაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს ამის შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არ აქვს, მათთან სასწრაფო დახმარება აღარ მიიყვანს პაციენტებს და ეს წლის დასაწყისიდან ასეც ხდება. შეიძლება გარკვეულად ეს სიახლე გახდა ზოგი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი", - განაცხადა სერგეენკომ.