"ბადაგონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დავით ბეჟუაშვილს არანაირი შეხება არ აქვს, - ამის შესახებ დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, „ბადაგონის“ დირექტორის მხრიდან გაკეთდა განცხადება, თითქოს კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების უკან დავით ბეჟუაშვილი დგას.
ზვიად კორძაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი სალაყაია არ უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დავით ბეჟუაშვილი პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„არავითარი კავშირი დავით ბეჟუაშვილს „ბადაგონთან“ არ აქვს. ჩვენ ორშაბათისთვის სარჩელს შევიტანთ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. გიორგი სალაყაიას ორშაბათამდე აქვს ვადა სიტუაციაში გასარკვევად. თუკი ის უარყოფს მის მიერ გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, მაშინ სარჩელს აღარ შევიტანთ“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ადვოკატის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილს ღვინის ბიზნესი საერთოდ არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბადაგონში“ გუშინ შევიდა. გუშინვე „ბადაგონის“ დამფუძნებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. გიორგი სალაყაია აცხადებდა, რომ „კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს“. ამ დროისთვის „ბადაგონის“ ორივე ქარხანაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.