სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „ბილაინმა“ მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია „ბილაინმა“ (შპს ვიონი საქართველომ) მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება გუშინ, 7 თებერვალს დასრულდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონსოლიდირებულ ტენდერში ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გაიმართება და გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში.

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, კომპანია „ჯეოსელმა“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტენდერით დადგენილი პირობები არსებითად არ განსხვავდება გასული წლის პირობებისგან, რის გამოც, 2017 წლის მარტში, კომისიამ აღნიშნული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო და მობილურ ოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ წერილი მხოლოდ „ჯეოსელსა“ და „მაგთის“ გადაეგზავნათ და გაფრთხილება „ბილაინს“ არ ეხება.