უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს.
აღნიშნულს „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონი გულისხმობს, რომლის თანახმადაც ეს ვალდებულება 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
როგორც კანონში ვკითხულობთ, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
კანონის მიხედვით, აღნიშნული სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).
„რაც შეეხება სადაზღვევო პრემიის ოდენობას, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი; მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე – 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი; მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის კი: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი იქნება,“- ნათვამია კანონში.
ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს, რომელიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ცნობისათვის, ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა იმის გამო, რომ კანონი პარლამენტმა დაგვიანებით მიიღო, სადაზღვევო სექტორს კი მომზადება სჭირდებოდა, ტრანზიტულ ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ვადამ 2 თვით გადაიწია.