ახალი რეგულაციების შემოღება უძრავი ქონების ბაზარს დაახლოებით 3-5%-ით გააძვირებს.
დეველოპერები ფიქრობენ, რომ ცვლილება ახალ მშენებლობებს შეეხება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მშენებელთა ნაწილი ამბობს, რომ ფასების გადახედვაზე ფიქრი თებერვლიდან მოუწევს, ნაწილი კი ფასების ზრდის შესაძლებლობას მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.
დეველოპერების მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მერიის ახალი რეგულაცია არ არის საჭირო, როცა ის ისედაც არსებობს, თუმცა უმეტესობა კალაძის ინიციატივას ემხრობა და აცხადებს, რომ სამშენებლო ნორმა ბაზრის განვითარების შესაბამისად უნდა იცვლებოდეს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის მერია ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ მიდგომას ცვლის. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურებიც ჩაერთვებიან. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვისაც სამშენებლო ნებართვის მიღება სურს, ობიექტის პროექტთან ერთად მერიაში უნდა წარადგინოს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და გამწვანების პროექტი.
"ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვა გაცემული. ასევე, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტრესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან.
მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთდ დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა, თუ რა პროექტი გახორციელდება იმ კონკრეტულ ადგილზე გამწვანების თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ.
მშენებლების ვარაუდით, უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 3-5%-ის ფარგლებში მოიმატებს. კომპანია "ორბის" წარმომადგენელ ვაჟა ნავროზაშვილის შეფასებით, მერიის ახალი ინიციატივა სავსებით მისაღებია, რადგან ამით თბილისში მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად იქნება დაცული.
"საჭიროა, სამშენებლო ნორმა გამკაცრდეს, რათა მომხმარებლების უსაფრთხოება მაღალ საფეხურზე ავიდეს. მობინადრეები მშენებლის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. მთავარია, გონივრული მიდგომა არსებობდეს, რაც პრობლემას არსებითად მოაგვარებს. გამწვანებას რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ და უსაფრთხოების ზომებიც მივიღოთ, უპირობოდ შესასრულებელია, ამაზე ვერ ვიდავებთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი ნორმის დაწესება ფასზე გავლენას მოახდენს.
შედარებისთვის, 1 კვ/მ თუ 500 დოლარი ღირდა, მინიმუმ 15-20 დოლარით გაძვირდება. სავარაუდოდ, ფასი 3-5%-ის ფარგლებში აიწევს. ამ ეტაპზე ჩვენ 11-სართულიანი სახლის პროექტზე ვმუშაობთ. ახალი რეგულაციებით უნდა ავაშენოთ და ამიტომ საფასო პოლიტიკას გადავხედავთ. ორ კვირაში ზუსტად გვეცოდინება, რა თანხის დამატება დაგვჭირდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" ნავროზაშვილმა.
რეგულაციებს მიესალმება კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე, თუმცა ფასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი აზრით, უძრავი ქონების გაძვირება გრძელვადიანი პერსპექტივის საქმეა.
"უძრავი ქონების გაძვირებაზე სხვადასხვა ფაქტორი კომპლექსურად მოქმედებს. აქ მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ვარდნა შედარებით სპონტანურად ხდება, მაგრამ გაძვირება თანმიმდევრული პროცესია. ის, რომ ერთბაშად მოიმატებს ახალი მშენებლობის ფასი, შაბლონური ნათქვამია. რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნებართვის გამკაცრება ფასის ზრდას გამოიწვევს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დინამიკაში ფასი ისედაც მხოლოდ ზრდისკენ არის მიმართული.
ჩვენთან უძრავი ქონების ბაზარს არ აქვს 40-წლიანი ისტორია, მასქსიმუმ 25 წელს ითვლის და განვითარების დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, ფასი მხოლოდ იზრდება. ნებისმიერ რეგულაციას, სტანდარტს სკეპტიკურად ან პოზიტიურად უნდა შევხედოთ, შედეგი სამომავლოდ, რამდენიმე წლის დაკვირვების შემდეგ გამოჩნდება.
მივესალმები, რომ ბაზარზე იყოს ძირეული ცვლილებები, კანონმდებლობა იხვეწებოდეს და ვითარდებოდეს ბაზართან ერთად. ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ხშირად კანონი მოერგოს მიმდინარე ტენდენციებს", - განუცხდა "რეზონანსს" გუჯაბიძემ.
უკვე გამოჩნდნენ ისეთი დეველოპერები, რომლებიც მერიის ახალ რეგულაციას არასაჭიროდ მიიჩნევენ.
კომპანია "ჯიდიჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნები გარკვეულ პროექტებზე მანამდეც ვრცელდებოდა, მთავარი სირთულე კი დასაბუთების გამცემი პირია.
"აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. ვინ მოგვცემს, მაგალითად, ქვეითთა გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შესაბამის დასაბუთებას, რომელიც დეველოპერმა მერიაში უნდა წარადგინოს? ვის მივმართოთ და საერთოდ, გვყავს ასეთი სპეციალისტები? ხომ არ აჯობებს, ჯერ გარკვეული ჯგუფი გადამზადდეს და მერე მივიღოთ კანონი?" - აცხადებს იგი.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციები ერთნაირად შეეხება როგორც კერძო სექტორს, ასევე მერიასაც. მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"