ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს საქართველოს 7.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და შედეგად, ქვეყანაში 2.7 მილიარდი დოლარი შემოვიდა.
კიდევ უფრო პოზიტიურია ხელისუფლების მოლოდინი მიმდინარე წელს და მათი პროგნოზით, 2018 წელს ქვეყანაში 8 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვა, შემოსავალი კი 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.
თუმცა, სფეროს ექსპერტები გარკვეულ პრობლემებზე საუბრობენ. ტურ-ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი აღნიშნავს, რომ როგორც კი რომელიმე ტერიტორიაზე ზამთრის ან ზაფხულის კურორტის მოწყობის გეგმა ჩნდება, მაშინვე ხდება იმ ადგილის გასხვისება.
„როდესაც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე-მოწყობაზე ვსაუბრობთ, უმოკლეს დროში იწყება კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობები. როგორც კი ინტერესი ჩნდება და ზამთრის თუ ზაფხულის კურორტის მოწყობა იგეგმება, მაშინვე ხდება იმ ტერიტორიის გასხვისება და ეს მიწები ბოლო ორი წლის განმავლობაშია გაყიდული. მაგალითად, როგორც კი დადგა საკითხი ყაზბეგთან მდებარე ჯუთა-ჭაუხის მონაკვეთს დაცული ტერიტორიის სტატუსი მინიჭებოდა, ის მიწები გასხვისდა და მისი მფლობელები დღეს კერძო მესაკუთრეები არიან, ასეთი ხდება თრუსოს ხეობაში და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები ჩნდება,“-აღნიშნა თაბაგარმა.
მისივე თქმით, არ გაგვაჩნია ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რის გამოც ჯერ ტურისტები შემოგვყავს და მერე იწყება ფიქრი, თუ სად განვათავსოთ ისინი, რამდენადაა დაცული უსაფრთხოება და ა.შ.
„სტრატეგიის დამკვეთი უნდა იყოს სახელმწიფო, თუმცა სტრატეგიის შემქმნელთა შორის კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ეკოლოგები და სხვები უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენ შემთხვევაში კი ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო თავისთვის არის და კერძო სექტორი თავისთვის. მათ შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად, მინიმალურია, განსაკუთრებით სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით,“-აცხადებს თაბაგარი.