თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფომ 20 მლნ ლარი დაკარგა , - ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო" ავრცელებს.
„ევროპული საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს. მათი ცნობით, თბილისის მერია ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავს.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წლების განმავლობაში ელექტრონული შესყიდვები ითვლებოდა, რომლებიც უზრუნველყოფდა სისტემის გამჭვირვალობას, წარმოქმნიდა ჯანსაღ კონკურენციას და იძლეოდა საშუალებას, რომ სახელმწიფოს ყოველ შესყიდვაზე 5-15% (ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა.
პარტიის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ზარალის ოდენობა პირობითია და სახელმწიფო კონკურსის ჩატარების შემთხვევაში დაახლოებით 20 მლნს დაზოგავდა.
"დღეს ტენდერები აუქციონის გარეშე ტარდება. ქ.თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი ჩატარდა აუქციონის გარეშე (ანუ დაუბრუნდა 90-იან წლების მავნე პრაქტიკას, როდესაც შემოდიოდა დალუქული კონვერტები, რაც იძლეოდა მანიპულაციის საშუალებას, აუქციონი ტარდებოდა დახურულად.)
ორი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, თბილისის მერიის სტრუქტურების მიერ გამოცხადდა 380-ზე მეტი უაუქციონო ტენდერი დაახლობით 200 მილიონი ლარის ოდენობით. აქედან სახელმწიფომ იზარალა თითქმის 20 მლნ ლარი", - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციაში.
რაც შეეხება ცალკეულ უბნებს, მათი ინფორმაციით, ჩატარებული ტენდერების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: მთაწმინდაზე - ტენდერების რაოდენობა 19; საწყისი ღირებულება - 2 872 836 ლარი, კრწანისი- ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 2 818 366 ლარი. ისანი- ტენდერების რაოდენობა - 30; საწყისი ღირებულება - 5 741 146 ლარი. სამგორი-ტენდერების რაოდენობა - 32; საწყისი ღირებულება - 9 099 615 ლარი. დიდუბე-ტენდერების რაოდენობა - 25; საწყისი ღირებულება 5 638 573 ლარი. ჩუღურეთი-ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება 4 020 352 ლარი. ვაკე -ტენდერების რაოდენობა - 17; საწყისი ღირებულება - 5 040 656 ლარი. საბურთალო - ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება - 9 000 548 ლარი. ნაძალადევი -ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 4 493 892 ლარი. გლდანი -ტენდერების რაოდენობა - 19; საწყისი ღირებულება 6 427 828 ლარი. თბილსერვის ჯგუფი- ტენდერების რაოდენობა - 35; საწყისი ღირებულება 3 683 845 ლარი.
რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, "ევროპული საქართველოს ინფორმაციით, 2014 წლიდან მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული აქვს 1042 ხელშეკრულება - თანხა კი შეადგენს 196 461 823 ლარს.
"ეს ნიშნავს, რომ მერიამ მისთვის სასურველ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება ყოველგვარი კონკურსის, ტენდერის თუ აუქციონის გარეშე", - აღნიშნავენ პარტიაში.
მათი განმარტებით, 2014 წლის შემდეგ მერიამ ჩაატარა 430 ტენდერი, რომლის თანხამ 79 042 001 ლარი შეადგინა, სადაც მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც იძლევა გარიგების საფუძვლიან ეჭვს.
"ტენდერები გამოცხადებულია მოკლე პერიოდში, ტენდერის ტექნიკური პირობა მორგებული იყო ერთ კომპანიაზე და სხვას არ ეძლეოდა მონაწილეობის საშუალება", - აცხადებენ პარტიაში.
გოკა გაბაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მერიისგან პასუხებს ითხოვს.