აშშ-ს საელჩო ამერიკის მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების გამო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

აშშ-ს საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების გამო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მათ, ვისაც სავიზო გასაუბრება აქვთ დანიშნული, სთხოვს, საელჩოში გამოცხადნენ.

ამასთან, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე გაგრძელდება.

მათივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე საქართველოში საელჩოს Facebook-გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა.

„თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. 2018 წელს, აშშ-ს მთავრობამ მეორედ შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ რაც სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა კენჭისყრა სენატში ორწლიან საბიუჯეტო გეგმაზე, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, შემოთავაზებული ზომები, რაც მთავრობის დაფინანასების გაგრძელებას გულისხმობდა კიდევ 6 კვირის მანძილზე, აშშ-ს სახელმწიფო დეფიციტს გაზრდიდა.

ოთხშაბათს დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ერთად მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც სამხედრო და საშინაო დანახარჯებს 300 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდიდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არ ითვალისწინებს სხვა სახის დანახარჯების შემცირებას ან ახალ შემოსავალს გადასახადებიდან, რაც სახელმწიფო დანახარჯის ზრდას ვალის საშუალებით გამოიწვევდა.

აშშ-ს სახელმწიფო ვალი ამჟამად 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დეკემბერში მიღებული საგადასახადო რეფორმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო ვალი 1.5 ტრილიონი დოლარით იზრდება.

აშშ-ს მთავრობამ მუშაობა 2018 წელს პირველად 19 იანვარს შეაჩერა, მაგრამ 23 იანვარს განაახლა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდა.