მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სამეულში ლიდერის პოზიცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, რითაც მთავარი იმპორტიორი ქვეყანა - იაპონია ჩაანაცვლა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში სულ 88 013 ავტომობილი შემოვიდა, (საერთო ღირებულება 477,040.2 ათასი აშშ დოლარი), 2017 წელს კი 61 428 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, (474,360.0 ათასი აშშ დოლარი).
2016 წელს იმპორტიორი ქვეყნების სამეულში იაპონია ლიდერობდა, საიდანაც 43,377 ათასი ავტომობილი შემოვიდა, შემდეგ იყო აშშ - 21,071 მანქანით და მესამე ადგილზე გერმანია - 14,259 ავტომობილით. 2017 წელს კი იმპორტიორი ქვეყნების სამეული შეიცვალა - აშშ იაპონიამ ჩაანაცვლა და ის პირველ ადგილზე გადავიდა. გასულ წელს აშშ-დან 32,655 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, იაპონიიდან - 17, 280 ათასი, ხოლო გერმანიიდან - 4, 680 ათასი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს იმპორტირებული მანქანების რაოდენობა 28 ათასით, ხოლო თანხობრივ ნაწილში მცირედით შემცირდა. თუ 2016 წელს იმპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულება 477,040 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს - 474,360 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების შედარებისას, რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ, იაპონიის ბაზარი, აშშ-ს ბაზარმა ჩაანაცვლა, გერმანიიდან იმპორტი დაახლოებით 3,5-ჯერ შემცირდა. ასევე, საგრძნობლად შემცირდა ნიდერლანდებიდან იმპორტი, სამაგიეროდ, გაორმაგდა თურქეთიდან იმპორტი და გამოჩნდა კიდევ ერთი იმპორტიორი ქვეყანა - კორეის რესპუბლიკა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რატომ ჩაანაცვლა იაპონიის ბაზარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რატომ შემცირდა იმპორტი რაოდენობრივ ჭრილში, თანხობრივში კი თითქმის იგივე დარჩა. როგორც „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ განაცხადა, ავტომობილების განბაჟების ახალმა რეგულაციებმა და ტარიფებმა ბიზნესი დააზარალა.
„შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა შემცირებულია. სახელმწიფომ გადასახადი გააორმაგა, ავტოიმპორტიორებს მეტის გადახდა უწევთ და ამიტომაც წლიდან წლამდე თანხობრივ მაჩვენებელში დიდი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ახალმა რეგულაციებმა ბიზნესი დააზარალა. სახელმწიფომ იგივე შემოსავალი მიიღო, ბიზნესს კი პროდუქტი გაუძვირდა“, - აღნიშნავს ჯამაგიძე.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ აშშ-მა იმპორტიორი ქვეყნების სამეულში იაპონია ჩაანაცვლა, უპირველესად გამოწვეულია რეგულაციებით, რომელიც მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანასთან დაკავშირებით 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.
“იაპონიის გაჩერებამ, ეს ქვეყანა წინ უფრო მეტად წამოწია. მართალია, აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილები დაბალფასიანი არ არის, თუმცა არის შედარებით დაბალფასიანებიც, რომლებიც დიდი რაოდენობით შემოდის. ესენია ჰიბრიდული ავტომობილები, უმეტესად კი „ტოიოტა პრიუსები“. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, იქიდან იმპორტი საგრძნობლად შემცირდა. ეს ჩვენს ქვეყანაში ვალუტის ცვლილებამ გამოიწვია. ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში, გაუფასურდა. ჩვენ კი ავტომობილებს ევროთი ვყიდულობთ და დოლარში ვყიდით. ამდენად, ევროპიდან ჩამოყვანა საკმაოდ ძვირი გვიჯდება, გასაყიდი ფასი კი არ იცვლება. გარდა ამისა, ავტოიმპორტიორი ქვეყნების სიაში გამოჩნდა ახალი ქვეყანა - კორეის რესპუბლიკა, რომლიდანაც გასულ წელს ავტომობილები აქტიურად შემოდიოდა“, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
აშშ-დან ავტომობილების გაზრდის მიზეზად ჰიბრიდული ავტომანქანების დიდი რაოდენობით შემოყვანას ასახელებს My Car.ge-ს დირექტორი დავით რეხვიაშვილიც. მისი განცხადებით, დიდი გავლენა იქონია განბაჟების ტარიფების ცვლილებამაც, რამაც საერთო ჯამში, იმპორტიც შეამცირა და იაპონიის ბაზრიდან შემოყვანილი მანქანების რაოდენობაც.
„იმპორტის შემცირება განბაჟების ტარიფის ზრდამ გამოიწვია. ძალიან ძველი, 10-15 წლის ავტომანქანები დიდი რაოდენობით აღარ შემოდის. ახალი მანქანა კი ყველგან ძვირი ღირს. ამის ფონზე იაპონიიდან მანქანების შემოყვანა შემცირდა. თუმცა აშშ-დან გაიზარდა, რაც უმეტესად ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანის ზრდის ხარჯზე მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით შემოდის „ტოიოტა პრიუსი“. ზოგადად ადამიანები ეკონომიურ ავტომობილებზე არიან გადასულები. ჰიბრიდებსა და დაბალძრავიანებზეა დიდი მოთხოვნა“, - აღნიშნავს დავით რეხვიაშვილი.
მისივე თქმით, კორეის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც 2017 წელს მართლაც გააქტიურდა და საიდანაც ავტომანქანების შემოყვანის ზრდა დაფიქსირდა: „თუ მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე და განბაჟების ტარიფზე იყო საუბარი, ამ შემთხვევაში, რეგულაციებმა გაამართლა, ხოლო მარჯვენასაჭიანების შემცირება ნაკლებად მოხდა. მარჯვენასაჭიანები იაპონიიდან გარკვეული რაოდენობით მაინც შემოჰყავთ“, - აცხადებს რეხვიაშვილი.
იდენტური პოზიცია აქვს „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელ გიორგი სურგულაძესაც. მისი თქმით, აშშ-ის მიერ იაპონიის ბაზრის ჩანაცვლება საბაჟო რეგულაციებმა და ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნის მატებამ გამოიწვია: „აშშ-დან იმპორტი გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ იაპონიიდან ავტომანქანების შემოყვანამ იკლო. აქ საუბარია ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც პატარა მოცულობის ძრავა აქვთ. განბაჟების ახალმა ტარიფებმა ჰიბრიდების შემოყვანა უფრო წაახალისა.“
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა განბაჟების ახალი ტარიფები და
რეგულაციები. 2005 წელს გამოშვებული ავტომობილის იმპორტზე გადასახადი, რომლის ძრავის მოცულობა, პირობითად, 2000 კუბური სანტიმეტრია, ნაცვლად ამჟამინდელი 1000 ლარისა, 2400 ლარი გახდა. ასევე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე საბაჟო მოსაკრებელი გასამმაგდა. რაც შეეხება ერთიდან 6 წლამდე და ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების ტარიფს, ის შემცირდა. ელექტრომობილების იმპორტი კი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდა.
როგორც რეგულაციების შემოღებისას ითქვა, საიმოპორტო ავტოტრანსპორტზე მოსაკრებლების გაძვირებამ გამოშვების წლების მიხედვით შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი მნიშვნელოვნად უნდა წაახალისოს.
თეონა კენჭიაშვილი