დაქირავებით მომუშავეთა წილი დასაქმებულ მოსახლეობას შორის, ყველა მაღალი დედაქალაქში ფიქსირდება და დაახლოებით 85,5%-ს შეადგენს. აღნიშნულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათი მონაცემების მიხედვით, დანარჩენ რეგიონებში დაქირავებით დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებია. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რეგიონში ეს რიცხვი 48,8%-ს შეადგენს, მცხეთა-მთიანეთში - 39,1%-ს. რეგიონები, სადაც დაქირავებით მომუშავეთა რიცხვი საკმაოდ დაბალია, ესენია: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27,4% და გურია - 25,0%.
რაც შეეხება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობას, საქსტატის მონაცემებით, თბილისში ყველაზე დაბალია და 56,5%-ს შეადგენს. ქვემო ქართლის მოსახლეობის მხოლოდ 63,1%-ია ეკონომიკურად აქტიური, აჭარის რეგიონის მხოლოდ 63,4% და სამეგრელოს-ზემო სვანეთის მოსახლეობის 65,7%. ყველაზე მეტად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია - 80,2% და გურიაში -72,9%.
ამასთან, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულ მოსახლეობას შორის თბილისში 14, 5%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, 50%-ზე მეტი ფიქსირდება დანარჩენ რეგიონებში. მათ შორის ყველაზე მაღალია გურიაში, სადაც თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულ მოსახლეობას შორის 74,9%-ს შეადგენს. ასევე, მაღალია მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 72,5%, სამცხე-ჯავახეთში კი 69,8%. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც შედარებით დაბალია დასაქმებულთა წილი, ესენია მცხეთა-მთიანეთი - 60,8% და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 51,2%.
აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია სტასტისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიულ რუკაზე. ინტერაქტიული რუკები დამუშავდა ევროსტატის რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან, მოსახლეობის რაოდენობის გავრცელებისათვის გამოყენებულ იქნა 1 კვ.კმ-ის ფართობის გეოგრაფიული ბადე (grid). აღნიშნული მიდგომა გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატისტიკური სამსახურების მიერ და იძლევა აღწერის შედეგების სრულყოფილი ვიზუალიზაციის საშუალებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი ანალიზის თვალსაზრისით.
თეონა კენჭიაშვილი