"ჩნდება ეჭვი, რომ მეტრო ”ახმეტელის” სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ორ კომპანიას შორის გარიგება შედგა"

ჩნდება ეჭვი, რომ მეტრო ”ახმეტელის” სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ორ კომპანიას შორის გარიგება შედგა, - ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, თბილისის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოების ტენდერებში შპს ”ყვარელრემმშენის“ მონაწილეობის ანალიზი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მეტრო ”ახმეტელის” შემთხვევაში ორ კომპანიას შორის შესაძლოა შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქვეკონტრაქტირების საშუალებით, მოხდა ტენდერის ფასის ხელოვნური ზრდა და სისტემის მიღმა კონტრაქტის განაწილება.

”სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ შპს „ყვარელრემმშენი“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის გარდა, ასევე მონაწილეობდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც. შესყიდვა გამოცხადდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერამდე 1 კვირით ადრე. ამ ტენდერში ყვარელრემმშენს ჰყავდა ერთი კონკურენტი - შპს „დამბა“. აღნიშნული ტენდერის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ შპს „დამბამ“ და შპს „ყვარელრემმშენმა“ ხელოვნურად გაზარდეს წინადადების ფასი და შემდგომ გაინაწილეს თანხა.

შპს ”ყვარლემმშენმა“ სატენდერო წინადადების საწყის ფასად დააფიქსირა 447 728 ლარი, ხოლო შპს „დამბამ“ 523,215 ლარი. თავად ტენდერის სავარაუდო ღირებულება (ანუ ღირებულება, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ) იყო 559 659 ლარი. ელექტრონული ტენდერისას მონაწილეთა შორის იმართება ვაჭრობა რევერსული აუქციონის პრინციპით, ანუ ტენდერის მონაწილეები რიგ-რიგობით ამცირებენ საკუთარ სატენდერო წინადადებას (ჯამში თითო მონაწილე 3-ჯერ). თუმცა, მონაწილე კომპანიებმა არც ერთ რაუნდში არ შეცვალეს საკუთარი წინადადებები და დასჯერდნენ პირველად დაფიქსირებულ თანხას”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, შპს „ყვარელრემმშენის“ სატენდერო განაცხადისა და დოკუმენტაციის შემოწმებისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღმოაჩინა რამდენიმე ხარვეზი, რომლის გამოსწორება/დაზუსტება მოსთხოვა კომპანიას 3 სამუშაო დღის განმავლობაში (რისი უფლებაც კანონმდებლობით აქვს). ეს დასტურდება სატენდერო კომისიის სხდომის #2 ოქმით.

”დაზუსტების შემდეგ, დოკუმენტაციაში კვლავ დადგინდა ხარვეზები – ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეუსაბამობები და არასწორად მითითებული თანხები, რაც მანამდე სწორად იყო მითითებული. ხელმეორედ დაზუსტების უფლება კანონმდებლობით არაა დასაშვები, შესაბამისად, შპს „ყვარელრემმშენი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან.

ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „დამბას“ შემოთავაზება, რომელსაც ასევე დასჭირდა დაზუსტება, თუმცა პრობლემა არ შექმნია და დროულად მიაწოდა კომისიას საჭირო ინფორმაცია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „დამბამ“ – 523 215 ლარიანი შეთავაზებით.

შპს „დამბამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წლის 12 დეკემბერს. როგორც აღმოჩნდა, იმავე დღეს, თავად შპს „დამბამ“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ყვარელრემმშენთან“, რომლის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი „ახმეტელის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს“.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დამბა“ ჯამური ღირებულების (523 215 ლარი) მხოლოდ 6%-ს მიიღებდა – ანუ 31,392.9 ლარს. შპს „ყვარელრემმშენს“ კი კონტრაქტიდან დარჩებოდა 491,822.1 ლარი (კომპანიის მიერ თავდაპირველად წარდგენილ თანხაზე მეტი).

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ”დამბასთან” დადებული კონტრაქტის თანახმად, შემსყიდველი წერილობით უნდა დათანხმებოდა ქვეკონტრაქტის გაფორმებას მესამე პირთან, ამიტომ, გაუგებარია, რატომ დათანხმდა იგი კონტრაქტის გადაცემას მის მიერვე დისკვალიფიცირებული კომპანიისთვის.

”ახმეტელის” მეტროს სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში, ყვარელრემმშენის ქვეკონტრაქტორად ყოფნა მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი, რომ კომპანიამ გადაწყვიტა მოგვიანებით გამოცხადებულ სხვა ტენდერში საკუთარი გამოცდილების დასადასტურებლად აეტვირთა ”დაბმასთან” დადებული ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტები”, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, ქვეკონტრაქტების საჯაროობის მნიშვნელობაზე IDFI ადრეც საუბრობდა.

”2014 წელს, ორგანიზაცია გამოვიდა ინიციატივით, ქვეკონტრატირების საჯაროობა ვალდებულებად შესულიყო ქვეყნის 2014-2015 წლების „ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაში“, რომლის შესრულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისრებოდა. თუმცა, მაშინ, IDFI-ის შეთავაზება არ იქნა გათვალისწინებული. ორგანიზაციამ ასევე გააკეთა მსგავსი რეკომენდაცია 2017 წლის მაისში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების შეფასების დოკუმენტში. ქვეკონტრაქტების ღიაობას ითვალისწინებს „ღია კონტრაქტების სტანდარტიც“ – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დანერგვის ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გამართულ ლონდონის ანტი-კორუფციულ სამიტზე აიღო”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.