ამერიკულ საფონდო ბაზარზე რყევები გრძელდება, მცირდება ინდექსები. გუშინ ღამით კლებამ 4 პროცენტს მიაღწია, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მრავალწლიანი აღმავალი ტრენდის შემდეგ, კორექციული ფაზა იწყება.
S&P 500-ს და „დოუ ჯონსის“ (Dow) ინდექსებმა, იანვარში ახალი მაქსიმუმების მიღწევის შემდეგ, 10 პროცენტზე მეტით დაიკლო. წუხელ S&P 500-ს 3.8 პროცენტი დააკლდა, Dow-ს კლებამ კი 4.2 პროცენტს მიაღწია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სავაჭრო სესიის დასასრულისკენ, კლების პროცესი გაძლიერდა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ ეტაპზე, სააქციო ბაზრის ინვესტორები ცდილობენ სიტუაციის შეფასებას და იმის გარკვევას, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს ბაზარი მოძრაობას. ბაზარი ცხრა წლის განმავლობაში აღმავალ ტრენდს მიჰყვებოდა და ანალიტიკოსები დიდი ხანია, კორექციული მოძრაობის დაწყებას ელოდებიან.
საფონდო ბაზრის კლებას ორი ძირითად ფაქტორი იწვევს. ესაა შეერთებულ შტატებში ინფლაციის და სახელმწიფო ბონდების მომგებიანობის ზრდა, რაც პარასკევს შრომის ბაზრის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა. 26 იანვრიდან, როცა S&P 500-ის საბაზრო ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია, მისმა კლებამ 2.49 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბონდების დაბალი მომგებიანობის ფონზე, ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყო თანხების აქციებში დაბანდება. ახლა კი, როცა ამერიკული ობლიგაციების მომგებიანობა იზრდება, სულ უფრო მეტი ინვესტორი ცდილობს მის ხელთ არსებული სააქციო პაკეტების სარფიანად გაყიდვას და გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსის ობლიგაციებისკენ გადამისამართებას. ასეთ განწყობას ის ფაქტი აძლიერებს, რომ სააქციო ბაზარი ისტორიულ მაქსიმუმთანაა.
ამერიკული 10-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობის მაჩვენებელმა 2.884 პროცენტს მიაღწია და მიუახლოვდა იმ მაქსიმუმს (2.885), რომელიც ორშაბათს დაფიქსირდა. მომგებიანობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა ინგლისის ბანკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება, მოსალოდნელზე ადრე გახდეს საჭირო.
„სტანდარდ ენდ პუარზის“ 11-ვე ძირითად სექტორში კლება დაფიქსირდა. ყველაზე მეტად კი საფინანსო და ტექნოლოგიური სექტორები დაზარალდა. კლების ლიდერთა შორის არიან „ამაზონი“ და „ფეისბუკი“, რომლებიც შარშან ყველაზე მაღალი ტემპით იზრდებოდა.