ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი აბანოს ყოფილი შენობის გუმბათების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბათუმის მუზეუმი მოეწყობა , - ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გუმბათების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც ლაშა ასლანიშვილი ამბობს მუზეუმის მოსაწყობად ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
„საზოგადოებრივი აბანოს ყოფილ შენობაში წყალი ჩადის. ერთ-ერთ საპროექტო კომპანიასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს, თუ რა ფორმით მოხდება აღნიშნული შენობის გადახურვა, რადგან წყლის ჩადინება შეჩერდეს. შენობას წლების წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა იქ სულ სხვა მოცემულობა იყო. როგორც კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბათუმის მუზეუმისთვის შიდა სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება“,- განაცხადა ლაშა ასლანიშვილმა
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე #14-ში საზოგადოებრივი აბანოს ყოფილი შენობა მდებარეობს, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაშია შეტანილი.