სტასტისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიულ რუკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თბილისში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2198,8 კაცია, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.
დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის რეგიონი - 115.2 კაცი, იმერეთი - 83.2 კაცი და შიდა ქართლი - 76.8 კაცი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია სამცხე-ჯავახეთი - 25.0 კაცი, მცხეთა-მთიანეთი - 16.9 კაცი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კი 7.0 კაცი.
რაც შეეხება დედაქალაქში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს, ეს არის დიდუბის რაიონი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 8,523.1 კაცია. შემდეგ მოდის ისანი - 7,360.2 კაცი, ჩუღურეთის რაიონი - 4,547.4 კაცი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული რაიონებია სამგორის რაიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 1,386.5 კაცს შეადგენს, კრწანისის რაიონში - 1,269.5 კაცი და მთაწმინდის რაიონი - 654.2.
რაც შეეხება საბინაო პირობებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საშუალო საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ) ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი რეგიონებში ფიქსირდება. პირველ ადგილზე არის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.6 კვ.მ, კახეთი - 30.3 კვ.მ და გურია - 30.2 კვ.მ. შედარებით დაბალია ქვემო ქართლის რეგიონში - 19.1 კვ.მ და აჭარაში - 20.1 კვ.მ. ყველაზე დაბალი კი თბილისშია, სადაც საშუალო საცხოვრებელი ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 15.5 კვადრატული მეტრია.
თბილისის უბნებიდან კი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი ფართი მთაწმინდის რაიონშია - 20.5 კვადრატული მეტრი, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში - 19.0 კვ.მ. ყველაზე ნაკლები ფართი ერთ სულ მოსახლეზე კი სამგორის რაიონშია - 12.8 კვ.მ, გლდანის რაიონში - 13.5 კვ.მ და ისნის რაიონში - 14.3 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე 14.4 კვ.მ ფართი მოდის ნაძალადევის რაიონში; 15.5 კვ.მ - დიდუბეში; 15.7 კვ.მ - კრწანისის რაიონში; 16.5 კვ.მ - ჩუღურეთის რაიონში.
საქსტატმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენება მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოების დროს დაიწყო. იგი აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტესა და ხარისხს, ხელს უწყობს რესურსების ეკონომიას, ამარტივებს მონაცემთა შეგროვებას და საველე სამუშაოების მონიტორინგს.
ინტერაქტიული რუკები დამუშავდა ევროსტატის რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან, მოსახლეობის რაოდენობის გავრცელებისათვის გამოყენებულ იქნა 1 კვ.კმ-ის ფართობის გეოგრაფიული ბადე (grid). აღნიშნული მიდგომა გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატისტიკური სამსახურების მიერ და იძლევა აღწერის შედეგების სრულყოფილი ვიზუალიზაციის საშუალებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი ანალიზის თვალსაზრისით.
თეონა კენჭიაშვილი