გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა 7 მლრდ დოლარამდე გაძვირდა. როგორც კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ანდრეი კრუგლიოვმა ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, გაზსადენის დაფინანსება მოხდება „გაზპრომის“ ბიუჯეტიდან,
შემდეგ კი, სპეციალური ობლიგაციების გამოშვებით, როგორც ეს მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის დროს. „თავიდან ჩვენ ვამბობდით, რომ პროექტის ღირებულება იქნებოდა 6 მლრდ დოლარი, ახლა კი მას 7 მლრდ-ად ვაფასებთ“, - განაცხადა მან.
მაგისტრალის ზღვის ნაწილის მშენებლობის დაწყების თარიღად 7 მაისი განისაზღვრა, ამ დროს დაიწყება შავი ზღვის აკვატორიაში ფსკერზე მილების განთავსება. სამუშაოებს განახორციელებს კომპანია Allseas. ამ დროისთვის სამუშაოების წარმოება უკვე თურქეთის ეკონომიკურ ზონაში მიმდინარეობს. „გაზპრომმა“ „თურქეთის“ ნაკადის მაგისტრალის 520 კმ სიგრძის ორი ხაზის მილი უკვე განათავსა.
როგორც მოსალოდნელია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკვე 2019 წლის დეკემბერში დაიწყება. მილსადენის ორივე ხაზი ერთად აღებულს შესაძლებლობა ექნება მოახდინოს 31,5 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება. ზღვის ნაწილის სიგრძე 930 კმ-ია და ის რუსეთის ქალაქ ანაპიდან თურქულ დასახლება კიიკეიმდე შავი ზღვის ფსკერზე გაიდება. გაზსადენის მეორე ხაზი კი თურქეთ-ევროკავშირის საზღვრის მიმართულებით გაივლის. თურქული ნაკადის ყველაზე ღრმა ნაწილი შავ ზღვაში 2200 მეტრის ნიშნულზეა.
კოკა კვირკველია