"არ დავუშვებთ, ბიზნეს-ინტერესების გამო, ქვეყანა ყოველდღე ადამიანებს კარგავდეს"

"ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" უმრავლესობას და მასში შემავალ ფრაქციებს მიმართავს, რომ დღის წესრიგის მთავარ საკითხად ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი განისაზღვროს. გარდა ამისა, ფრაქცია ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენას აპირებს, თუ რატომ ჭიანურდება შესაბამისი კანონპროექტის მიღების პროცესი და რატომ ვერ შედგა ამ ორ უწყებას შორის ინიცირებულ კანონპროექტზე შეთანხმება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვლმა გამართა, რითაც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რამდენიმე ბიზნეს-ინტერესისა და კომპანიების ფინანსური ინტერესების ხარჯზე, ქვეყანა ყოველ დღე ადამიანებს კარგავდეს. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ მოვედით დაპირებით, რომ ადამიანების როგორც სამოქალაქო, ისე სოციალური და ეკონომიკური უფლებები ხელშეუხებელი და გარანტირებული იქნებოდა. რეფორმების მიუხედვად, ვერ შევძელით, რომ შრომის პირობები გაუმჯობესებულიყო და ღირსეული შრომის პირობები შეგვექმნა. ამის მიზეზი უკვე თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებული მანკიერი ცნობიერების ინერციაა, რომ თითქოს დამსაქმებელია მხოლოდ ქვეყნის დოვლათის შემქმნელი, ხოლო დასაქმებული უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს, გატყდეს, აღარ გჭირდებოდეს და მოისროლო ან გამოცვალო. დღეს არათუ ადამიანების სოციალურ უფლებებს, არამედ მათ სიცოცხლეს ექმნება ყოველღიურად საფრთხე. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი კომპანიის მოგება და არანაირი თანხა ამგვარი მოგებიდან შესული ბიუჯეტში არ ღირს, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. ამ გარემოების ცვლილების გარეშე, ხელშეკრულებებით გამყარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება და სოციალური სახელმწიფოს ჩანაწერი კონსტიტუციაში დარჩება ფარატინა ქაღალდად. ამიტომ, საპარლამენტო ფრაქციისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ჩვენ ვიწვევთ ფრაქციაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რათა მოვისმინოთ განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ამ ორ სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო, რის გამოც გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.