ინდოეთმა Google 21 მლნ დოლარით დააჯარიმა

ინდოეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ-გიგანტი Google 21 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი გახდა ის, რომ Google-ს აქვს დომინანტი პოზიცია ძიების სეგმენტში.

როგორც The Financial Times წერს, ინდოეთის კონკურენციის დაცვის კომისიაში მიაჩნიათ, რომ Google-მა შეგნებულად „დაამახინჯა“ ძიება, რაც ზიანს აყენებს როგორც კონკურენტ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, Google-ის საძიებელი ინდოეთში კითხვებს ისე ალაგებდა, რათა გაზრდილიყო საკუთარი სერვისის Google Flight-ის ნახვადობა.

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Google-ს აჯარიმებენ მონოპოლიური მდგომარეობის გამო. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივნისში ევროკომისიამ ამერიკული საძიებო სისტემა 2,4 მილიარდი ევროთი დააჯარიმა სწორედ ინტენეტ ძიებაში დომინანტი პოზიციის გამო.

მანამდე მარტში კი ჩიკაგოს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კომპანიის წინააღმდეგ, ვინაიდან Google-ი არღვევდა ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, მათი ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვის გამო. სასამართლოს განაჩენით ყოველი პერსონალური ფოტოს გამოყენების შემთვევაში კომპანიას მოუწევდა 1-დან 5 ათას დოლარამდე ჯარიმის გადახდა.

2016 წელს კი რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანიები Google Inc. და Google Ireland Limited, 500-500 ათასი რუბლით დააჯარიმა.

კოკა კვირკველია