"ძალიან კარგად იცით, რომ ბავშვები აბსოლუტურად უსაფრთხოდ არიან, - ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ,ილია ელოშვილმა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს.
ხაბეიშვილი დაინტერესდა იყო თუ არა თბილისის მერის მოადგილე საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ბაღებში ვადაგასული თევზი შეიტანეს.
"რაც შეეხება ბაღების საკითხს, ვიცი ამ საკითხის დეტალები. ეტიკეტის შეცვლა კი არა, ეტიკეტირების დამატება ხდებოდა და არანაირი საფრთხე ეს ბავშვებისთვის არ იყო. ეს არის უბრალოდ სპეკულაცია თქვენი მხრიდან, რომ გამოიყენოთ სენსიტიური თემა ბავშვების. თურმე იმეილით გადაუგზავნიათ, ეტიკეტი დააკარით მეორედო და ქვეყანა დაინგრა?! ბავშვები აბსოლუტურად უსაფრთხოდ არიან. აბსოლუტურად სულელური საქციელი იყო "ნილისგან" და ბევრ სულელურ საქციელსაც აკეთებს. არც ჩვენ გაგვიხარდა ღვინის კოლოფში რომ შეფუთა რძე. უნდა დაეწებებინა დროულად, მისულიყო და აეხსნა ყველასთვის, მაგრამ ასე მოხდა. თევზი ჩამოვიდა, ფხები გამოაცალეს, შემდგომ ფილეების ხელახალი გაყიდვა მოხდა, ორივეს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, დაავიწყდა იმ უბედურს, თუ ვინც იყო, ამის გაკეთება და დაინგრა ქვეყანა?!", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის ბაღებში ვადაგასული თევზი შეიტანეს, ამის შემდეგ კი დირექტორებმა ელ-ფოსტაზე მიიღეს წერილი და ახალი "ეტიკეტის" ნიმუში, რომ ვადაგასული "ეტიკეტი" აახიონ და ახალი რიცხვით დააკრან.