„7.5 მლნ ვიზიტორს გაცილებით მეტი შემოსავალი უნდა შემოჰქონდეს, ვიდრე 3 მლრდ დოლარია“

„7.5 მილიონ ვიზიტორს გაცილებით მეტი შემოსავალი უნდა შემოჰქონდეს, ვიდრე 3 მილიარდი დოლარია“ , ამის შესახებ ტურიზმის სფეროს ექსპერტმა ნიკა კვარაცხელიამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ციფრები არაფერზე მეტყველებს. ტურიზმში მთავარი არ არის, თუ რამდენი შემოვიდა ან გავიდა. ტურიზმისთვის მთავარია რამდენი ხნით, რომელ სასტუმროში გაჩერდა ვიზიტორი, რამდენი დახარჯა და ა.შ. როგორც წესი 3 მილიონმა ტურისტმა 3 მილიარდი დოლარი უნდა მოგცეს. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად არ ვართ იმ 11 მილიონი ტურისთვისთვის, რასაც 2025 წელს ველოდებით. ჩვენი ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლევა. როგორ შეიძლება 7 მილიონი კაცი მივიღოთ, მაშინ როცა საწოლი ადგილების რაოდენობა სასტუმროებში 60 ათასს არ აღემატება,“-აღნიშნა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოს 7.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და შედეგად, ქვეყანაში 2.7 მილიარდი დოლარი შემოვიდა. კიდევ უფრო პოზიტიურია ხელისუფლების მოლოდინი მიმდინარე წელს და მათი პროგნოზით, 2018 წელს ქვეყანაში 8 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვა, შემოსავალი კი 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.