„საქართველოში ძირითადად მეორადი, ჩინური სატვირთო ტრანსპორტი შემოდის, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

საქართველოში ძირითადად მეორადი, ჩინური სატვირთო ტრანსპორტი შემოდის, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს , - ამის შესახებ, კომპანია „ჯი თი ჯგუფის“ დირექტორმა ლევან გოგსაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნები, საიდანაც მათი იმპორტი ხორციელდება თურქმენეთი და აზერბაიჯანია.

„გასულ წელს საქართველოში 2 800 ერთეული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა. აქედან, დაახლოებით 200 ერთეული იყო მხოლოდ ახალი, დანარჩენი 2 600 მეორადი, ჩინური ტრანსპორტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ავტომობილები შემოდის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომელთა შემთხვევაშიც უსაფრთხოება საერთოდ არ არის დაცული, ეკოლოგიაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუ გავალთ მაგისტრალებზე, სადაც დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ვნახავთ, რომ 95% პრაქტიკულად ასეთი ავტომობილი მუშაობს, რომელთა ექსპლუატაციის ვადაც დიდი არ არის. სავარაუდოდ, ასეთი ავტომობილები შემოსვლიდან 2-3 წელში უკვე ჯართი ხდება,“-აღნიშნა გოგსაძემ.

მისივე თქმით, მართალია, ტექდათვალიერება ამოქმედდა, თუმცა ამ მხრივ მოთხოვნების გაზრდაა საჭირო. როგორც გოგსაძე აღნიშნავს, ბევრი ისეთი სპეციალიზირებული ტექნიკა დადის, რომელიც ასეთი დაბალი მოთხოვნების შემთხვევაშიც ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, თუ წინასწარ არ მოამზადებენ ავტომობილს.