ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში ბრალდებულ ბანკირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად ედებოდა მაქინაციები, რომელთა განხორციელების შედეგად მის კლიენტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ჟენევის სასამართლომ პარასკევს მიიღო.

პატრის ლესკადრონს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონი უარყოფდა უკანონო გარიგებებიდან რაიმე სარგებლის მიღებას, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.

ლესკადრონი 2015 წლის იანვარში დააკავეს, მას შემდეგ რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა დაემალა მისი კლიენტების დანაკარგები.

აღსანიშნავია, რომ ლესკადრონის ქმედებებისგან დაზარალებული 6 კლიენტიდან ერთ-ერთი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა.