"1-2%-იანი ზრდა ბიზნესისთვის არაფერს ნიშნავს" - როგორ ვითარდება ქართული ლუდის ბაზარი აქციზის ზრდის შემდეგ?

ლუდს საქართველოში უძველესი დროიდან ხარშავდნენ.

ამ სასმელს ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში სარიტუალო დანიშნულებაც ჰქონდა. აშკარაა, რომ მისი წარმოება 21-ე საუკუნის საქართველოშიც პერსპექტიული საქმეა, თუმცა, ბოლო წლებში ლუდის ბიზნესი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა: ლუდის ბაზარი შემცირდა და 2014 წლის დონესაც ვერ მიაღწია. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ბაზრის შემცირება აქციზური მარკის 50%-იანმა ზრდამ გამოიწვია, თუმცა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, 2017 წელს საქართველოში ლუდის ბაზარი 8.3%-ით გაიზარდა.

რა პრობლემები აქვთ დღეს ლუდის მწარმოებლებს? - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვებს კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა უპასუხა.

-ბატონო ნიკოლოზ, რა მდგომარეობაშია დღეს ლუდის წარმოება საქართველოში?

-ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ 2017 წელს ლუდის ბაზარი ერთ წერტილზე იყო გაყინული ანუ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა არ გვქონია. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაში ჩანს ჩამოსხმული და მარკირებული ლუდის რაოდენობა, ბიზნესი კი ყველაფერს პროდუქციის რეალიზაციის მიხედვით ანგარიშობს - ეს ორი სხვადასხვა მიდგომაა. ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში ლუდის ბაზარზე ზრდა შეიძლება იყო, მაგრამ ძალზე მცირე და არა - 8%.

-ანუ თქვენ ამ მონაცემებს სხვა მეთოდოლოგიით ითვლით?

-დიახ, ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს. მაგალითად, შეიძლება მარკირების პროცესს ონლაინ რეჟიმში დავაკვირდეთ და ვთქვათ, რომ 2017 წელს ქვეყანაში ამ რაოდენობის ლუდი ჩამოისხა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი ეს პროდუქცია ბაზარზე გავიდა და გაიყიდა. ჩამოსხმული და გაყიდული პროდუქტის რაოდენობა ორი სხვადასხვა მაჩვენებელია, ჩვენ გაყიდული ლუდის რაოდენობას ვანგარიშობთ, ხოლო 8,3%-იანი ზრდა წარმოებული ლუდის მიხედვით არის ნაანგარიშევი. დავუშვათ, მე ვაწარმოე 100 ლიტრი ლუდი და 80 ლიტრი ბაზარზე გავიტანე, ხოლო 20 ლიტრი - შევინახე. ჩემთვის ბაზარი სწორედ ამ 80 ლიტრით განისაზღვრება და არა - 100 ლიტრით, რადგან 20 ლიტრი საწყობში მიდევს - ეს ჩემი მარაგია. ამიტომაც არის განსხვავება ჩვენს მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის მონაცემებს შორის.

-თქვენც მიიჩნევთ, რომ ლუდის ბაზარმა საქართველოში 2014 წლის დონესაც ვერ მიაღწია?

-დიახ, ასეა, რადგან 2014 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო ჩვენს ინდუსტრიაში. ამ წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. სწორედ 2014 წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ, რაც ძალაში 2015 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა და აქედან დაიწყო პრობლემები, რომელიც დღემდე მოგვდევს. აქციზური მარკის ღირებულების 50%-ით გაზრდამ ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ძალიან შეამცირა, მაგრამ მარტო ეს არ ყოფილა განმსაზღვრელი ფაქტორი: ლუდის ბაზარზე უარყოფითად აისახა ლარის დევალვაცია, მოხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და სხვა პრობლემებიც. საბოლოო ჯამში კი, მივიღეთ რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს: 2015 წლიდან მოყოლებული, 2017 წლის ჩათვლით ანუ მთელი სამი წლის განმავლობაში, ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებული. მიზერული ზრდა ზრდას არ ნიშნავს, რადგან 1-2% ლუდის ბაზარზე თითქმის ვერაფერს ცვლის.

-დადებით მოვლენებს შორის რას დაასახელებდით?

-დადებითი მოვლენა იყო ის, რომ 2017 წლის ზაფხულში ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. აქამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს ვიხდიდით, ახლა კი, აქციზის გადასახადს ლუდში შემავალი ალკოჰოლის დონის მიხედვით ვიხდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე დაბალალკოჰოლიანი ლუდის სეგმენტი გაჩნდა. ეს სიახლე მომხმარებლის მიერაც დადებითად იქნა აღქმული. ეს არის ლუდი, რომელშიც ალკოჰლის შემცველობა 5 გრადუსზე დაბალია და რომელიც მომხმარებელს ძალიან მოსწონს.

-თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ახლო მომავალში ქართული ლუდის ინდუსტრია?

-2018 წელს ჩვენი დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, დაახლოებით 5%-იან ზრდას ვვარაუდობთ. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ქვეყანაში ვხედავთ: მათ შორის უნდა დავასახელო ტურიზმის ზრდა, უკეთესი საინვესტიციო გარემო და თუნდაც, რეიტინგები, რომლებიც ინვესტორებს სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი ნდობით შემოვიდნენ ქვეყანაში. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლის მიხედვითაც ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ჩვენი ბაზრის მაჩვენებლებიც მოიმატებს, რადგან ლუდის ინდუსტრიის წინსვლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ეკონომიკის ზრდაა. ჩვენი დაკვირვებით, ასეთი კორელაცია ნამდვილად არსებობს: როცა ეკონომიკა იზრდება, ლუდის ბაზარიც იზრდება. 2017 წელს ამ ბაზარზე ახალი კომპანია „აისი“ გამოჩნდა. ამჟამად ქართულ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა წარმოდგენილი: „ნატახტარი“, „ზედაზენი“, „აისი“, „არგო“ და „ყაზბეგი“, რომელსაც შედარებით მცირე წილი აქვს, ამ ინდუსტრიას ეკუთვნის რეგიონული ლუდსახარშებიც - ასევე, ძალიან მცირე წილით. სხვათა შორის, ქართული ლუდის ინდუსტრიის დამსახურებაა ის, რომ ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ბაზარზე იმპორტირებული ლუდის წილი შემცირდა. ჩვენ ამ ბაზრის მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ, მის მაჯისცემას სისტემატურად ვაკვირდებით და ზუსტად ვიცით, ბაზარს რა მოთხოვნები აქვს, პროდუქციასაც ამ მოთხოვნების მიხედვით ვაწარმოებთ. ყველაზე მეტად რა გვჭირდება? - მხოლოდ ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მატება, სხვა პრობლემებს როგორმე მოვერევით.

ხათუნა ჩიგოგიძე