"უბრალოდ გააგრძელეთ, რასაც აკეთებთ და იყავით შეუპოვრები,"- ეს "სილიკონ ველის" უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორისა და კომპანიის Bitfury დირექტორთა საბჭოს წევრის, ბილ ტაის მთავარი მესიჯია, რომელიც მან კრიპტოვალუტის მაინინგით დაინტერესებულ პირებს" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარებულ მასტერკლასზე გაუგზავნა.
თავად ბილ ტაიმ სწორედ დაუღალავი შრომით, ენთუზიაზმითა და შეუპოვრობით წლების განმავლობაში ბევრი წარმატებული კომპანია შექმნა, მათ შორის, ცნობილი ინვესტორი სოციალურ ქსელ Twitter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ბილ ტაის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება კი ქართულ აუდიტორიას პირველად მიეცა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარებულ მასტერკლასზე ბილ ტაიმ ყურადღება ტექნოლოგიების, მათ შორის, ბლოკჩეინის მომავალზეც გაამახვილა. უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორის შეფასებით, საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს, რასაც კრიპტოვალუტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში არსებული მაღალი ინტერესიც ადასტურებს (საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად მსოფლიო სამეულშია).
"საქართველო რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით დიდ ნაბიჯებს დგამს, ამას აქ მოქმედი კომპანია Bitfury-ს არსებობა ადასტურებს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც სწორედ ქართველი, გიორგი კიკვაძეა. მნიშვნელოვანია, რომ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში" სტუდენტებთან განვიხილე, რატომ არის შესაძლებელი ტექნოლოგიური კომპანიების მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შექმნა," - განმარტა სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა.
ბილ ტაი ცალსახად აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. ინვესტორი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ მაღალი ინტერესი საქართველოს მსგავს "ახალ ეკონომიკებზე" დადებითად აისახება და მათ განვითარებას უწყობს ხელს.
"საქართველოსთვის, რომელიც ეკონომიკის განვითარების გზებს ეძებს, ეს პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის ეკონომიკა უფრო თავისუფალი გახდა, ტექნოლოგიების განვითარება კი მის ზრდაზე დადებითად აისახება," - აღნიშნა ბილ ტაიმ.
შეკრებილ აუდიტორიას, რომლის ძირითად ნაწილსაც სტუდენტები წარმოადგენდნენ და კრიპტოვალუტის მაინინგით დაინტერესებულ პირებს ბილ ტაიმ ურჩია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ბევრი წაიკითხონ, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, სამყარო ახალი ტალღის წინაშე დგას "და რაც უფრო მეტს გააკეთებ, უფრო მეტ ცოდნას მიიღებ."
ინვესტორმა ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევების შესაფასებლად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ დამკვიდრებული ტერმინის "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის" მაგალითი მოიყვანა, რომელიც სამყაროს ახალი მიმართულებებით ტრანსფორმაციას გულისხმობს.
"ჩვენ ახლა ციფრულ ერაში ვართ, რომელიც დღეს ყველაფერზე წინ დგას. ჩემი აზრით, თუ საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შეისწავლის, ეს რას ნიშნავს, თქვენს ქვეყანას უფრო სწრაფად განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა მიეცემა. სწორედ კრიპტოვალუტის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია ამ გზით უფრო წინ წავიდეს, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება," - განმარტა ბილ ტაიმ.
სწორედ ტექნოლოგიის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და სტუენტებისთვის უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნის მისაცემად, კომპანია Bitfury-სა და "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ბილ ტაიმ კი მასტერკლასის დასაწყისში უნივერსიტეტს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა და ღია კოდის მქონე კრიპტოვალუტის მაინინგის მოწყობილობა გადასცა, რომელსაც სტუდენტები პრაქტიკაში გამოიყენებენ, შესაბამისად, ბლოკჩეინის ტექნოლოგია მათთვის მიუწვდომელი და ბუნდოვანი აღარ იქნება.
"სილიკონ ველის" ვენჩურულმა ინვესტორმა, ბილ ტაიმ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატა და გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვისაც გაეზიარებინა, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის შეფასებით ეს ძაილიან პოზიტიური მოვლენაა. მისი თქმით, 100-ზე მეტ წარმატებულ კომპანიის დამფუძნებელსა და უნივერიტეტს შორის თანამშრომლობა, საბოლოოდ სტუდენტების ცოდნის გაღმავებას შეუწყობს ხელს.
"ბილ ტაი Bitfury-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და მასთან თანამშრომლობა გულისხმობს ერთიანი სასწავლო გეგმის შემუშავებას, ტექნოლოგიური ლაბორატორიების გახსნას და ჩვენი სტუდენტების იმ საკითხებში ინფორმირებას, რომელიც მომავალში მათი დასაქმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერპექტიული მიმართულებაა,"-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
Bitfury-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ეფრემ ურუმაშვილმა, რომელიც მასტერკლასს ესწრებოდა, აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება. მან კრიპტოვალუტის მომავალიც შეაფასა, რაზეც მსოფლიოს მედიასაშუალებები მუდმივად წერენ, ზოგიერთი მათგანი უახლოეს მომავალში კრახს, ზოგიერთი კი აღზევებას პროგნოზირებს. თავად ეფრემ ურუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესის შემცირება ნაკლებსავარაუდოა.
"კრიპტოვალუტების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ტექნოლოგიები და მათ შორის ბლოკჩეინი რამდენად განვითარდება. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ბლოკჩეინიზაცია მსოფლიოში ძალიან სწრაფად მოხდება და ეს გარდაუვალი ინოვაცია და ტექნოლოგიაა, რომელიც მომავლის ინტერნეტს წარმოადგენს, დამერწმუნეთ, რომ კრიპტოვალუტების მომავალი ძალიან კარგია. თუმცა თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები უახლოეს მომავალში აქტუალური და მსოფლიო ეკონომიკისთვის არსებითი არ იქნება, მაშინ კრიპტოვალუტაც აქტუალობას დაკარგავს, რისი ალბათობაც საკმაოდ დაბალია," - განაცხადა Bitfury-ს წარმომადგენელმა.
თვითონ "სილიკონ ველის" უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორი, რომელმაც დღეს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” მასტერკლასი გამართა, მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინი ჩვენი მომავალია. ბილ ტაის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს, ის Bitfury-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, ინვესტორი TweetDeck/Twitter-ში, Scribd-ში, Tango-ში, Glyde-ში, Zoom.us-სა და Charles River Ventures-შია. ასევე ის ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი და კომპანიების: Lulu, Voxer, Glyde, Posse-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.