"ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 100 მოთხოვნიდან ერთი კმაყოფილდება"

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა100 მოთხოვნიდან ერთი კმაყოფილდება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ”იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და თავშესაფარს ვერ მიიღებს ის ადამიანი, თუ არ არსებობს მის მიმართ პოლიტიკური ან სხვა ტიპის დევნა.

”საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ თავშესაფარს ვერ მიიღებს ჩვენი მოქალაქე, როდესაც გაემგზავება ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად.

ეს არის რისკი, ლატარეა, რომელსაც შეიძლება თამაშობდეს საქართველოს მოქალაქე გაუცნობიერებლად. ჩვენი მიზანია მათ ავუხსნათ, რომ ეს არ არის გზა გამდიდრებისკენ, ხანგრძლივად ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენისთვის და არც სამუშაოს საძიებელი გზა არის.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ იმ პირობებით, რომლითაც დაშვებულია უვიზო მიმოსვლა”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.