გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონში ფრანგული ბიზნესის დასაყრდენი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგ პარტნიორებს გავაცნოთ, რომ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საუკეთესო საინვესტიციო ბიზნესგარემოს შექმნა”.

მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მარტივი ადმინისტრაციული პროცედურა ბიზნესის წარმოებისთვის, ასევე დაბალია გადასახადები. ”ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაში. ასევე ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრებაში. საქართველო როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ისწრაფვის ევროინტეგრაციის მიმართულებით და ახორციელებს სერიოზულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს ამ გზაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ივნისში გაფორმდება, შექმნის საქართველოში ბიზნესგარემოს და დანერგავს საუკეთესო პრაქტიკას, რაც ევროპულ ბიზნესს მათთვის კარგად ნაცნობ თამაშის წესებს შესთავაზებს.

"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ფრანგულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, დააფუძნონ ფილიალები და წარმოება საქართველოში, ასევე ქართულ ბიზნესს მისცემს საშუალებას, თავიანთი პროდუქცია შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონში ფრანგული ბიზნესის დასაყრდენი ადგილი, ფრანგული საქონლისა და მომსახურების კარიბჭე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.