2017 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 13 %-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines-ი, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Qatar Airways-ი, Georgian Airways-ი, Singapore Airlines Ltd-ი იყენებენ.
საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს ისევ Turkish Airlines-ი, Wizz Air-ი, Georgian Airways-ი, Ukraine International Airlines-ი დაფიქსირდნენ.
Turkish Airlines -მა 2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცე 22 542-ჯერ გამოიყენა, რაც 1%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
Azerbaijan Airlines-მა 7 371-ჯერ გადაკვეთეს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე, რაც 6%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.
Qatar Airways-მა 112%-ით გაზარდა თავისი დაინტერესება საქართველოს ცით და 5 464-ჯერ აიღეო ფრენის ნებართვა, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი - 2 700 იყო.
46% - ით გაიზარდა Georgian Airways-ის მიერ განხორციელებული ფრენების რაოდენობა, რაც 46%-ით მეტია გასულ 2016 წელთან შედარებით.
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის გაზრდილი მაჩვენებელი გამოწვეულია ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტებით, უმაღლესი სტანდარტის სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტებითა და ევროპული დონის სერვისით, რომელსაც საქაერონავიგაცია ავიაკოამპანიებს თავაზობს.
"საქაერონავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის. ევროკონტროლის მონაცემებით, ფრენების რაოდენობის ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. ეს ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს კომპანიას. სწორედ ამიტომ, 2018 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის მუდმივი ზრდა,” - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.